სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.
„მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრე. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა  ფიქრობდეს ადამიანი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა არის ძალიან მძიმე. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. სადღაც მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი წინაპრების წინაშე, მათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არა მარტო ჩემს ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ქვეყანა იყოს სტაბილური და გაერთიანებული ქვეყანა. პატარა ქვეყანას სჭირდება მთავარ თემებზე გაერთიანება, სხვა შემთხვევაში, ხეირობს მტერი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ემიგრანტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის გაერთიანებაში უნდა ჩაერთონ. მისივე თქმით, მისი, როგორც მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტი იქნება ემიგრაციის შემცირება ან სულაც შეჩერება.
სალომე ზურაბიშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია. ამჟამად ის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
2004-2005 წლებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში. მან დიპლომატიური კარიერა 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობით დაიწყო. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედ მისიაში, მეორე მდივნის თანამდებობაზე; 1980-1984 წლებში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრი; 1984-1988 წლებში – ვაშინგტონი, საფრანგეთის საელჩო, პირველი მდივანი; 1988-1989 – ვენა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი; 1989-1992 – ნჯამენა (ჩადი) საფრანგეთის საელჩო, მეორე მრჩეველი; 1992-1993 – ბრიუსელი, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი; 1993-1996 – ბრიუსელი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 – პარიზი, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 – პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია; 1998-2001 – პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველო; 2001-2003 – პარიზი, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი; 2003-2004 წლებში – საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-2005 წლებში კი, სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2005 – „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი; 2006 – პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი; 2006- საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პროფესორი. 2010 წელი – გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).
ასევე, სალომე ზურაბიშვილმა, მინისტრობის დროს, შექმნა „საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ახალი ჯგუფი“, რომლის წევრებიც არიან შემდეგი სახელმწიფოები: უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი, რომლებიც არიან დამხმარე სახელმწიფოები, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები