ვარკეთილში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული გოგონა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელია
ვარკეთილში გუშინ მომხდარი საზარელი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი 27 წლის სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო. თანამშრომლის გარდაცვალების გამო იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს სისტემის თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, სოფო ზურებიანი იყო აქტიური, თავდაუზოგავი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ სოციალურ პროექტში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი.
„იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს სისტემის თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი თანამშრომლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტის, 27 წლის სოფო ზურებიანის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. სოფო ზურებიანი იყო აქტიური, თავდაუზოგავი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ სოციალურ პროექტში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი. სააგენტოში იგი 2007 წლიდან მუშაობდა. რასაკვირველია, ეს საზარელი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. ამასთან, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებს სოფოს დაჭრილი ძმა – თემზა ზურებიანი, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებენ ექიმები და ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის სოფო ზურებიანს, რომელიც ძმასთან ერთად ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. 27 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძიმედაა დაჭრილი მისი ძმაც, რომელსაც პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.