დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
„გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ზ.თ. ბრალდებულ ტ.მ.-ს ძმას გაეცნო, როგორც პროკურატურის თანამშრომელი, დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაჰპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ტ.მ.-ს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან. დაზარალებული მოქალაქე ტ.მ. დათანხმდა მოთხოვნას და სრულად გადაუხადა ზ.თ.-ს მოთხოვნილი თანხა, რასაც ზ.თ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები