თურქეთის ელჩი: საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი დიდი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანა

თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოს პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს თანაგრძნობისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც თურქეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ორი დღის წინ თურქეთში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. ელჩის განცხადებით, ეს არის თურქეთის ტერიტორიაზე ამ მასშტაბის ყველაზე დიდი ტრაგედია.
როგორც თურქეთის ელჩმა აღნიშნა, ყველა ქვეყნის თურქეთის საელჩოში დაშვებულია დროშები და თურქეთში გლოვის დღეებია გამოცხადებული. ამასთან, საელჩოში გუშინ გაიხსნა სამძიმრის წიგნი.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველი, ვინც ამას გამოეხმაურა და ვინც ამ წიგნში ჩანაწერის გასაკეთებლად მოვიდნენ, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ. ისინი უმალ გამოეხმაურნენ ამას და პატივი დაგვდეს, მოვიდნენ აქ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი დიდი ტკივილი”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.
მისივე თქმით, მან პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალურად გააცნო, თუ რა მოხდა მაღაროში. ელჩის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ.
“მწამს, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო დიდ შედეგებს მოიტანს ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩვენ გვაძლიერებს ასეთ მძიმე გასაჭირში საქართველოს გვერდით დგომა. მინდა, პრესის წარმომადგენლებსაც მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქ მობრძანდით, არ დაიზარეთ და თქვენც ჩვენს გვერდით დგახართ”, – განაცხადა ლევენ გუმრუქჩუმ.
თურქეთის საელჩოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმყოფებოდნენ. მათ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. მანისას პროვინციაში, სომას მაღაროში აფეთქება 13 მაისს მოხდა. დღევანდელი მონაცემებით, მაღაროში 282 ადამიანია დაღუპული, ასზე მეტი დაკარგულად ითვლება. მომხდარის გამო, თურქეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები