თბილისში მართლმსაჯულების სახლი გაიხსნა
თბილისში მართლმსაჯულების სახლი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და საქართველოში სტუმრად მყოფმა თურქეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ალი ალკანმა გახსნეს. მართლმსაჯულების სახლის გახსნის ცერემონიას მოსამართლეები, ადვოკატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“დღეს ჩვენ გავხსენით მართლმსაჯულების სახლი. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის არის სასამართლო ხელისუფლების საჩუქარი მოსამართლეებისთვის. 15 მაისი მოსამართლის დღეა და იგი 1999 წლიდან აღინიშნება. და აი, 15 წლისთავზე ჩვენ ასეთი საჩუქარი მივართვით ჩვენს მოსამართლეებს, რაც მათ ნამდვილად ეკუთვნით, იმიტომ რომ ფასდაუდებელ შრომას ეწევიან ყოველდღიურად, იმ უამრავი საქმის პირობებშიც კი, რომელიც დღეს აქვთ განსახილველი. ისინი ცდილობენ, მაქსიმალუირად ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მართლმსაჯულების სახლი სასამართლო რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური პროექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც სასწავლო, ასევე მედიაციის სფეროსთვის განკუთვნილ სერვისებს. მისი ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მოსამართლეებს, ასევე პროკურორებს, ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.