პროკურორი: ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი, რომელიც ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა

პროკურატურა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია. როგორც საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ ფაქტობრივად სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ყველა ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალში.
პროკურორის თქმით, თითოეულ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რომელიც ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.
„თითოეულ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მტკიცებულებები. ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ნაწილში ჩვენ გვქონდა ძირითადი მტკიცებულება ვიდეო, სადაც პირდაპირ ჩანდა შოაიფ ბორზიევი, ახმედ ჩატაევთან ერთად რომელიც იყო შეიარაღებული. რუსლან შავაძესთან მიმართებაში კი დავკითხეთ სასამართლოში მოწმე, რომელსაც შავაძესთან ჰქოდა კომუნიკაცია სირიაში ყოფნის პერიოდში და ამ ადამიანს მუდმივად უგზავნიდა ვიდეოებს, ფოტოებს, რომელიც ასახავდა მის მონაწილეობას სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებთან მიმართებაშიც, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ხელშეწყობა და რესურსებით უზრუნველყოფა ედებოდათ ბრალად, მათთან მიმართებაშიც სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები წარვუდგინეთ, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო მტკიცებულებები და ა.შ. რომლებსაც სასამართლო განჩენის გამოტანისას დაეყრდნო“, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.
ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მომართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო.
კერძოდ, მოსამართლემ რუსლან შავაძე და შოაიფ ბორზიევი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაში გაამტყუნა და 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
წყარო: ipn.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები