ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს – პროკურატურის განცხადება

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. აღნიშნულ საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადებისათვის, ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის, ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, 18-323-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 3232-ე მუხლის 11 ნაწილითა და 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შიოაიპ ბორზიევი. მას სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის მეორე „ა“ ნაწილითა და 328-ე მუხლით, დამნაშავედ ცნო რუსლან შავაძე. მას სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო ანატოლი ბერძენიშვილი, რამაზი მარგოშვილი, ზურაბი იდოიძე და რუსლან ალდამოვი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: ანატოლი ბერძენიშვილსა და რუსლან ალდამოვს – 11 – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზურაბი იდოიძეს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაზი მარგოშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ახმედ ჩატაევი, ასლამბეკ სოლტახმადოვი, შოაიპ ბორზიევი და რუსლან შავაძე გაწევრიანებულები იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაცია – „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. მას შემდეგ რაც ქართველმა სამართალდამცავებმა, ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანების და ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის მოქალაქეების გადაბირების ბრალდებით დააკავეს ხსენებული ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში აიუფ ბორჩაშვილი და სხვა პირები, ახმედ ჩატაევმა მათი გათავისუფლების მიზნით ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას და მოითხოვა დაკავებულების გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრა საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობით. მას შემდგომ, რაც ზემოაღნიშნული პირები გასამართლდნენ, ახმედ ჩატაევმა გადაწყვიტა საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად პირველ ეტაპზე, ტერორისტული აქტის მომზადების მიზნით საქართველოში გამოაგზავნა შოაიპ ბორზიევი და ასლამბეკ სოლტახმადოვი.
აღნიშნული მიზნით, შოაიპ ბორზიევი და ასლამბეკ სოლტახმადოვი უკანონოდ შემოვიდნენ საქართველოში და რამაზ მარგოშვილის დახმარებით დაბინავდნენ ქ. თბილისში, კალაუბნის ქუჩა N20 კორპუსში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში.
2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, ,,ისლამური სახელმწიფოს“ წევრები – ახმედ ჩატაევი, ,,აბუ ჰურეირა“ და რუსლან შავაძე, ბადურ ჩოფანაშვილის, რუსლან ალდამოვის, ზურიკო გორნაკაშვილის, ზურაბ იდოიძისა და ანატოლი ბერძენიშვილის დახმარებით ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უკანონოდ შემოვიდნენ საქართველოში და მათივე დახმარებით დაბინავდნენ ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე #9 კორპუსში ზურიკო გორნაკაშვილის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ ბინაში. მათთან ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ შოაიპ ბორზიევი და ასლამბეკ სოლტახმადოვი.
აღნიშნულის შემდეგ, ახმედ ჩატაევმა, შოაიპ ბორზიევმა, ასლამბეკ სოლტახმადოვმა და ,,აბუ ჰურეირამ“ დაიწყეს აქტიური მოქმედებები ტერორისტული აქტის მოსამზადებლად. კერძოდ, 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, ასლამბეკ სოლტახმადოვმა და ,,აბუ ჰურეირამ“ ყვარლის რაიონში მდებარე შილდის ტყეში არსებული სამალავიდან ამოთხარეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, რაც რამაზ მარგოშვილის დახმარებით გადაზიდეს ქ.თბილისში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში.
2017 წლის 21 ნოემბერს, შოაიპ ბორზიევი დაკავებულ იქნა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
შოაიპ ბორზიევის დაკავების შემდგომ, ახმედ ჩატაევი, ასლანბეკ სოლტახმადოვი და „აბუ ჰურეირა“ შეეცადნენ ზემოქმედება მოეხდინათ სამართალდამცავებზე და მოითხოვეს შოაიპ ბორზიევის დაკავებიდან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრნენ ტერორისტული აქტების მოწყობით. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მათი ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცავების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი და ააფეთქეს ხელყუმბარები. 2017 წლის 21-22 ნოემბერს, ტერორისტების წინააღმდეგ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ღონისძიებისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ხუთმა სპეცრაზმელმა მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, სრულად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მიმდებარე კორპუსები და მოქალაქეთა ქონება. საბოლოოდ, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ, მოხდა შეიარაღებული ტერორისტების წინააღმდეგობის განეიტრალება, რითიც თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერორისტული აქტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები