ვაჟა იორდანიშვილი: 50 000 ინსპექტირებული ავტომობილიდან 24%-მა ხარვეზების გამო ინსპექტირება ვერ გაიარა

0

“ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში მიმდინარე ტექდათვალიერების რეფორმაზე ისაუბრა. როგრც მან აღნიშნა, ყველა ინსპექტირების ცენტრი ისეთი ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი, რომლითაც ინსპექტირების დროს​, ინსპექტორების მხრიდან კორუფციის რისკები ნოლამდეა დაყვანილი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 50 000 ინსპექტირებული ავტომობილიდან 24%-მა გარკვეული ხარვეზების გამო ინსპექტირება ვერ გაიარა.
“დღესდღეობით არსებული ავტომობილებიდან, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნისაა 91% ამორტიზებულია. ჩვენი ასოციაცია დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა, აღნიშნული სფერო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა, განსაკუთრებით მაღალი რისკები იყო კორუფციის კუთხით ინსპექტირების პროცესში.
ასოციაციამ შექმნა ერთიანი ელექტრონული ბაზა, ყველა ცენტრი სათვალთვალო კამერებით აღიჭურვა და ყველა ცენტრმა შეიძინა გამზომი ხელსაწყოები, რომლის საშუალებითაც პერსონალის ჩარევა უშუალოდ ინსპექტირების პროცესში შეუძლებელია. თვითონ ანათვალს იღებს გამზომი ხელსაწყო, გადასცემს ბაზას და ის იღებს გადაწყვეტილებას ავტომობილის ვარგისიანობის შესახებ. შესაბამისად გამოირიცხა და ნოლამდე დავიდა კორუფციული რისკები ინსპექტორების მხრიდან. ამიტომ გვაქვს ობიექტური შედეგები. ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით 50 000 ინსპექტირებული ავტომობილია, რომელთა 74 %-მა გაიარა ინსპექტირება, 24% კი, გარკვეული ხარვეზები დაუდგინდა და მიეცა ერთთვიანი ვადა ამის გამოსასწორებლად.
ფაქტობრივად პირველადი ინსპექტირების დროს ყოველი მეოთხე მანქანა გზისთვის უვარგისად არის მიჩნეული. ერთი თვის გასვლის შემდეგ კი 11 000 დახარვეზებული ავტომობილიდან ინსპექტირებაზე მივიდა მხოლოდ და მხოლოდ 8 000, დარჩენილი 3 000 კი გარკვეულ რისკის ჯგუფს წარმოადგენს გზებზე”, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
ტექდათვალიერების სფეროში კორუფციის რისკებზე ყურადღება “ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” იურისტმა, ლევან ალაფიშვილმაც გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, უცნობია რა კრიტერიუმებით არჩევენ სხვადასხვა უწყებები ინსპექტირების ცენტრებს, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
“მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სახელმწიფოს მხრიდან, რასაც ტექდათვალიერება ჰქვია. ამ რეფორმებში აქტიურადაა ჩართული ბიზნესი. თუმცა ამჟამად ჩვენ არ ვიცით სახელმწიფო ავტოპარკის ინსპექტირებისთვის, ცენტრი რა კრიტერიუმებით შეირჩევა. როდესაც სისტემა იხურება იქ არსებობს კორუფციის რისკები. ბაზარზე ოპერირებს 27 ინსპექტირების ცენტრი და ყველა მათგანი აკრედიტებულია. მაგრამ სახელმწიფოს მიერ შერჩეულ ცენტრებს 10-წლიანი საქმიანობის უფლება შეიძლება მიენიჭოთ ნაცვლად ოთხისა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რეფორმა წარიმართოს სწორი გზით. ამ სფეროში შენარჩუნებული უნდა იყოს კონკურენცია. ამასთანავე რეფორმამ უნდა გაუძლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებას”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი