მამუკა ბახტაძე: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

ჩვენ გასულ წელს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ; ეს ურთიერთობები დაფუძნებულია ერთგულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მტკიცდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში.

მამუკა ბახტაძემ იტალიის პრეზიდენტს ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიმართ იტალიის მკაფიო მხარდაჭერას.

“დარწმუნებული ვარ, თქვენი სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია. ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლების ურთიერთობას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იტალია იდგა ჩვენს გვერდით, რისთვისაც მსურს, იტალიელ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქ კარგი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის იტალიას მე-10 ადგილი უკავია. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 109 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ჩვენ იტალიასთან საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა გვექნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ შედეგიანია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე სხვადასხვა სახის პროდუქცია გადის, მათ შორის თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და ბევრი სხვა.

“ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს DCFTA, რომელმაც ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.

მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ ამ პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში შევასრულოთ შეთანხმბებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება”, – აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები