არმაზ ახვლედიანმა აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატები დაასახელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა, პრეზიდენტისთვის წარსადგენი კანდიდატები დაასახელა.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც უნდა წარუდგინოს.
ახვლედიანმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე კონსტიტუციონალისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძის კანდიდატურა წარადგინა, სოფლის მეურნეობის მინისტრად ამავე სფეროს სპეციალისტი – ჯემალ ცეცხლაძე; განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ირინა ხაჟალია, რომელიც წლებია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებს ხელმძღვანელობს; ჯანდაცვის მინისტრად – ექიმი მზია დიდმანიძე.
არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად ოპოზიციამ დაასახელა. მისი კონკურენტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გუშინ წარადგინა.
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს 18 ივლისს 12:00 საათამდე უნდა წარუდგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები