ეკა ბესელია: შალვა თადუმაძემ იცის, რა არის სტანდარტი, რომელიც პროკურატურას უნდა ჰქონდეს – მას თავად გაუვლია, რა არის უსამართლო მართლმსაჯულება
„შალვა თადუმაძემ იცის, რა არის სტანდარტი, რომელიც პროკურატურას უნდა ჰქონდეს – მას თავად გაუვლია, რა არის უსამართლო მართლმსაჯულება და რა არის უსამართლო გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის დევნის ორგანოში“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.
“შალვა თადუმაძემ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს ამ უწყებაში, რას უნდა ემსახუროს და რა არის ის მთავარი ღირებულება, რისთვისაც უნდა დათანხმდე ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. სწორედ ის, რომ ის ადვოკატობიდან მიდის პროკურატურაში ეს ითვლება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ერთ-ერთ კარგ სტანდარტად, იმიტომ, რომ ყველა მხრიდან უყურებდეს ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს. პროკურატურა სხვა არაფერია თუ არა ის, რომ დაიცვას სწორედ ადამიანის უფლება, ებრძოლოს დანაშაულს, წარმოადგინოს დაზარალებულის ინტერესი და დაიცვას საჯარო ინტერესსა და ადამინის უფლებების პირად ინტერესს შორის ბალანსი. მე ამას ვუსურვებ მთავარ პროკურორს, რომ იყოს ამ უფლებების სადარაჯოზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროკურატურის სიძლიერე, მისი მსახურება ადამიანის უფლებებისთვის, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საუბარი არის თუ არა ამ ქვეყანაში სამართალი. ჩვენ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით, ამ იდეით მოვედით და ეს არის ჩემთვის, ერთი ადამიანისთვის ამ პარლამენტში ყოფნის მთავარი საზრისი – ვემსახუროთ ადამინის უფლებებს და პასუხი გაეცეს წარსულში ჩადენილ ყველა დანაშაულს – ეს არ დამთავრდება, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ მთავარი პროკურორის არჩევისას.
პარლამენტმა საქართველოს მთავარ პროკურორად, ფარული კენჭისყრით, 101 ხმით, 2-ის წინააღმდეგ შალვა თადუმაძე აირჩია.