კახა კალაძე: მშენებლობის პროცესში ქვის დამუშავება სველი მეთოდით უნდა მოხდეს, ამ მხრივ გასამკაცრებელია რეგულაციები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ქალაქში ჰაერის დაბინძურების საკითხზე საუბრისას, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამშენებლო მასალის მტვერი დაასახელა. როგორც მან განაცხადა, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლომა, რომელიც მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას ეხება.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს არსებული მდგომარეობით, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ჰაერის მტვრით დაბინძურება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები და არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტის განახლებაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ჩანაცვლებაზე. პრობლემა გვაქვს მშენებლობების მიმართულებითაც, ეს არის მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და ასევე, გრუნტის მტვერი. შესაბამისად, მგონია, რომ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას. ალბათ, არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლებელია გაიარო, ისეთი დამტვერიანებაა. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ეს რეგულაციები და უნდა მოხდეს სველი მეთოდით დამუშავება“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების და განთავსების კუთხითაც განსახორციელებელია ცვლილელები.

„ასევე, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების და განთავსების კუთხითაც უნდა განვახორციელოთ ცვლილებები. არაერთი შემთხვევაა, როდესაც დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან საშენი მასალით, აბსოლუტურად ღიად, დამცავების გარეშე და ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იწვევს ქალაქის დაბინძურებას, დამტვერიანებას და ამ ყველაფერს თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. მე მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, დაამუშაოთ კანონში შესაბამისი ცვლილებები და წარუდგინოთ პარლამენტს, რათა კანონში განხორციელდეს ცვლილებები. პარლამენტი მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ ამგვარი ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები