ვინ არის ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული – “იძულებულები ვიყავით მოსწავლის სტატუსი შეგვეჩერებინა”
ამერიკული ოჯახის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურის შესახებ „კვირამ“ დამატებითი დეტალები გაარკვია.
კობაურები ახალგორის რაიონიდან დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცხეთის რაიონში, სოფელ წილკნის დასახლებაში, საძეგურის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.
კობაურებს 6 შვილი ჰყავთ და სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ.
ლორა, რაიან სმიტების და მათი 4 წლის შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ოჯახის უფროსი შვილია.
მას სკოლაში საერთოდ არ უვლია და შესაბამისად, საშუალო განათლებაც არა აქვს.
„საბუთები დაკარგული ჰქონდათ, ყველა საბუთის აღდგენაში დავეხმარეთ. დედა მოვიდა განცხადება დაწერა და შვილები სკოლაში ჩავრიცხეთ. ეგ მალხაზი თვალით არ მინახავს. ჯერ კლასში დარჩა, მერე კიდევ დარჩა და იძულებულები ვიყავით მოსწავლის სტატუსი შეგვეჩერებინა.
სკოლაში საერთოდ არ დადიოდა. წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორია. მისი და-ძმა ახლაც სკოლაში სწავლობს. ორი – მე-6 კლასშია და ერთი ძმა მე-8 კლასში სწავლობს. ძალიან გაჭირვებული ოჯახია.
სოციალურად დაუცველები არიან“, – აცხადებს წილკნის სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური.
„კვირას“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის მამა წარსულში ნასამართლევია.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ბავშვების მამამ დედა დაჭრა და საპატიმროში რამდენიმე წელიწადი გაატარა.
ამჟამად, იგი საპატიმროდან გათავისუფლებულია, მაგრამ ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს. იგი ამავე სოფელშია, ოღონდ ცალკე ცხოვრობს.
წილკანში, ადგილობრივები ამბობენ, რომ კობაურები ძირითადად მიწაზე მუშაობენ და თავს ასე ირჩენენ.
მათივე ინფორმაციით, ოჯახის უფროსი შვილი მწყემსია და ცხვარი დუშეთის რაიონში ჰყავდა გადარეკილი.
მალხაზ კობაურის ვინაობა ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის წევრების სასტიკი მკვლელობის შემდეგ გახმაურდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
იზა შაქარაშვილი