დეპუტატებმა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმზე თვითმმართველობებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმის სესიაზე 3 თემაზე იმსჯელეს. თითოეული პანელი დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
პირველ პანელზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია უწევდა მოდერირებას, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა განიხილეს.
„სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმამ ძალიან საინტერესო გზა გაიარა საქართველოში. 2007 წელს იგი ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და ყურადღება სამ ასპექტზე იყო გამახვილებული. ესენი იყო: რეფორმის საკანონმდებლო მხარდაჭერა, შიდა აუდიტის სისტემების მოწყობა და ჰარმონიზაციის ცენტრის ჩამოყალიბება და სრულყოფა, რომელსაც კოორდინაცია უნდა გაეწია ამ სისტემისთვის“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მისი თქმით, სამივე მიმართულებით რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, 2017 წელს შეიქმნა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმის შემდგომ ეტაპს განსაზღვრავს.
მეორე პანელზე ფორუმში მონაწილეებმა თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემის (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის) შესახებ იმსჯელეს. განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა სკოლებში პრობლემების მოგვარების მისეული ხედვა გააცნო აუდიტორიას. მისი განცხადებით, 2085 საჯარო სკოლიდან უმრავლესობაში ინფრასტრუქტურული კომპონენტი მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს.
„დაანონსებული ზრდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტური დაფინანსებისა 6-7%- მდე მ.შ.პ.-დან აღნიშნული პრობლემის მოგვარების იმედს იძლევა. ეს იმედი კიდევ უფრო გაღვივდება, თუ დეცენტრალიზაციის I ტალღა სწორად იქნება დარეგულირებული და მაღალი გამჭვირვალობით შეძლებისდაგვარად სწრაფად წარიმართება“,- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
დღესვე, ფორუმის ფარგლებში, იმსჯელეს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ მუნიციპალიტეტებში.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.
ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაWorld Vision. ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები