ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე კომიტეტის სხდომები გაიმართა

ბერლინში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, პლენარული სხდომის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენებით გაგრძელდა. საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მოხსენების პროექტებს გაეცნენ, რომლებიც საბოლოოდ, ბერლინის დეკლარაციაში აისახება.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, „აბრეშუმის გზის“ მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დელეგაციის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები, ოთარ დანელია და რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აბრეშუმის გზის პროექტის მხარდაჭერისთვის, ერთი წლის წინ, საინტერესო ფორმატი შეიქმნა. აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით შექმნილი ჯგუფის საქმიანობით ასამბლეის ბევრი დელეგაციაა დაინტერესებული. შეხვედრაზე ჯგუფის სამომავლო საქმიანობის განხილვისას, ქართულმა დელეგაციამ ჯგუფის ხელმძღვანელობას, 2020 წლისთვის საქართველოში სხდომის გამართვა შესთავაზა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პირველი და მესამე კომიტეტის სხდომებში, რომლებიც შესაბამისი რეზოლუციის პროექტების განხილვას დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები