გენერალი ჯონ ნიკოლსონი: ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის“, – ამ სიტყვებით შეაფასა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქართული კონტინგენტის კონტრიბუცია, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას.

ამერიკელ გენერალთან საუბრისას, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს დიდი მხარდამჭერია. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე დაესწრნენ.

„მინდა, ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს მიერ შეტანილი უდიდესი წვლილისთვის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. მე, როგორც ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიის ხელმძღვანელმა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი, რამაც ხელი შეუწყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ბოლო 17 წლის განმავლობაში, ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას. როგორც ამერიკელმა მეთაურმა, კი მინდა ვთქვა, რომ არასდროს დაგვავიწყდება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მოკავშირეა 11 სექტემბრის შემდეგ ერაყსა და ავღანეთში.
ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის. ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. დიდ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ, მისიაში მონაწილეობისთვის“ , – განაცხადა ნიკოლსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები