„ფლირტის საღამო“ გაიმართება
6 ივლისს, 19:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სალონური შეხვედრების ციკლი გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ზაფხულის საღამოების გასამრავალფეროვნებად და უფრო მხიარულად გასატარებლად ,,ფლირტის საღამოზე” იწვევენ მსმენელს.
ფლირტი, ანუ ,,ყვავილების ენა“ XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. ევროპაში, ორი ადამიანის ჩანაწერების შედეგად მოხვდა. მათგან ერთ-ერთი ლედი მერი იყო, ბრიტანეთის ელჩის მეუღლე სტამბულში. 1717 წელს მან ფლირტი თავის წერილებში, როგორც ,,სიყვარულის საიდუმლო ენა” აღწერა. ჩანაწერი, 1763 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით დააინტერესა ვიქტორიანული ინგლისისა და საფრანგეთის არისტოკრატული საზოგადოება. 1830 წელს რუსეთში გამოიცა წიგნი, რომელშიც 400-მდე ყვავილის ენა იყო აღწერილი.
საქართველოში, ,,ფლირტი” ლიტერატურული სალონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი გახლდათ და თამაშის მონაწილეს საშუალებას აძლევდა, ეარშიყა.