პანტომიმის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

6, 7, 8 ივლისს, 19:00 საათზე, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში პანტომიმის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 3 -დღიან უნიკალურ პროგრამას ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მაყურებელი იხილავს.
დაგეგმილია 2 სპექტაკლის პრემიერა –  დავით შალიკაშვილის „მოხუცი და ზღვა“ და თანამედროვე სპექტაკლი-პერფორმანსი.
ფესტივალის მთავარი სტუმარი იქნება – პარიზის მიმების სკოლის დამფუძნებლის, მარსელ მარსოს შვილი, იოგი – ბაპტისტ მარსო.
გაიმართება:
იოგას მასტერკლასები ღია ცის ქვეშ;
მარსელ მარსოს წიგნის და ამირან შალიკაშვილის პანტომიმის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია;
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი შენგელიასა და რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენა. ასევე დაგეგმილია რომა რცხილაძის ბენდისა და პანტომიმის თეატრის კოლაბორაცია.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დავით შალიკაშვილის სპექტაკლის „მოხუცი და ზღვა“ პრემიერა.
რეჟისორმა დავით შალიკაშვილმა ერნესტ ჰემინგუეის ნოველა „მოხუცი და ზღვა“ სცენაზე გააცოცხლა.  წარმოდგენა ელექტრონული, როკ და ჯაზმუსიკის თანხლებით მიმდინარეობს.
პანტომიმის თეატრის ამჟამინდელ დასთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრის ვეტერანი მსახიობები. მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი მოხუცის როლში გვევლინება, მთხრობელს კი რეჟისორი და მსახიობი კახა ბაკურაძე განასახიერებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: პანტომიმის თეატრის სალაროში (რუსთაველის #37) და ვებგვერდზე.
ფესტივალის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები