ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მიმდინარეობს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის საკონსერვაციო სამუშაოები (კონსერვაციის გეგმა – ორგანიზაცია „Icomos საქართველომ“ მოამზადა).
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ტერიტორია, რომელსაც კონსერვაცია შეეხება, 4 ჰექტარს მოიცავს. მასზე 72 ნაგებობაა, რომელთაგან 31 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა.
ლადო გუდიაშვილის მოედანი მდებარეობს თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედნის მახლობლად; აბო თბილელის, გია აბესაძის, ბეგლარ ახოსპირელისა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების შესაყარზე. მოედნის გეგმა გვიანი შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი, შენობათა ანსამბლი კი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს მიეკუთვნება.
რამდენიმე დღის წინ, ბ. ახოსპირელის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მიწის სამუშაოების დროს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის ზედამხედველობით ხორციელდება, გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მარანი – სხვადასხვა ზომის რამდენიმე ქვევრი. მათ ნაწილი მიწითაა ამოვსებული, ნაწილი დაბზარულია, ნაწილი კი უახლოეს დღეებში გაიხსნება არქეოლოგთა მიერ.
წარმოდგენილი კერამიკული ნაწარმი სწორედ ამ მარანში მდებარე ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩნდა. ესენია:
დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა. ხუთივე მათგანი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ, ორიოდ კვირის წინ, ასევე გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის ქ. N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.
კერამიკული ნაწარმი XVIII-XIX სს. მიჯნით შიძლება დათარიღდეს.
კერამიკული ნაწარმის გარდა ქვევრში დაფიქსირდა ასევე სპილენძის აზარფეშა,- გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში.
საკონსერვაციო სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს.
სამუშაოებს სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური.