რატომ ეცვა ილიაუნის კონკურსის გამარჯვებულს მაისური, აფხაზეთის სეპარატისტული, მარიონეტული რეჟიმის დროშით?
ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები – 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორები გამოვლინდნენ.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა ბუღაძე რომანით “პატარა ქვეყანა” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”) და ზურაბ ჯიშკარიანი რომანით “საღეჭი განთიადები: უშაქროდ” („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). მათ გამარჯვებულისთვის დაწესებული ლიტერატურული პრემია – 10 ათასი ლარი გაიყვეს.
წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 20 ქართული რომანი. მათგან საუკეთესო 2 რომანი შეარჩია ილიაუნის პროფესორებისგან და სტუდენტებისგან შემდგარმა ჟიურიმ.
ორი დღეა სოციალურ სივრცეში ვრცელდება ფოტო, რომელზეც გამარჯვებულები არიან გამოსახულნი, ზურაბ ჯიშკარიანს აცვია მაისური, რომელსაც აფხაზეთის სეპარატისტული მარიონეტული დროშა ახატია.
ფეისბუქგვერდი „პოლიტაკონო“ აკრიტიკებს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს და სვამს კითხვას – „ეს ლიბერალებს მისაღებად მიაჩნიათ, თუ რაშია საქმე, რატომ არ იმჩნევენ“?
„ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებად 2 “მწერალი” დაასახელეს – ლაშა ბუღაძე და ზურაბ ჯიშკარიანი. ლაშა ბუღაძე ყველგან და ყველაფერში საბჭოთა ან რუსულ კვალს ხედავს და შიზოფრენიამდე ერთი ნაბიჯი რომ უკლია, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ მის თანამოაზრეს ე.წ. მწერალს დაჯილდოებაზე აფხაზეთის სეპარატისტული, მარიონეტული რეჟიმის დროშა ახატია მაისურზე და რუსული ასოებით „აფხაზეთი“ აწერია.
ეს ლიბერალებს მისაღებად მიაჩნიათ, თუ რაშია საქმე, რატომ არ იმჩნევენ?
P.S. ილიას უნივერსიტეტი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ნეოლიბერალური მსოფლმხედველობის გავრცელებით. მაგრამ ყველაფერს ხომ თავის საზღვარი აქვს“? – წერს გვერდი „პოლიტიკანო“.
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი დაარსდა 2010 წელს. მას შემდეგ პრემია რვა ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრემია მიიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), 2011 წელს – ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია მიიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 2015 წელს ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისათვის „მსხლების მინდორი“). 2016 წელს კი პრემია გადაეცა არჩილ ქიქოძეს (რომანისთვის “სამხრეთული სპილო”).