მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების I ეტაპი მიმდინარეობს
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების შუალედური ანგარიში იქნა წარმოდგენილი. როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ანგარიში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა.
სამუშაოები მიზნად ისახავს: ტაძრის ინტერიერში დაზიანებული ქვების კონსერვაციას, გაფხვიერებული და განშრევებული ზედაპირების კონსოლიდაციას, წინა პერიოდის ამორტიზებული სარესტავრაციო ჩარევების მექანიკურ მოხსნას და ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას.
პროექტი წარმოადგენს 2016 წელს დაწყებული მცირე ჯვრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ ეტაპს, პროექტს ხელმძღვნელობს პროფესორი ნანა კუპრაშვილი. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც პრაქტიკას გადიან უშუალოდ ქვის კონსერვაციის დისციპლინაში.
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. ნაგებობა 545-586 წლებშია აგებული. დღესდღეისობით ტაძრის სამშენებლო მასალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დროთა განმავლობაში, ბუნებრივი პირობების ზემოქმედებისა და სტრუქტურის შესუსტებამ სხვადასხვა დაზიანება წარმოქმნა. ამ დროისთვის ტაძრის ინტერიერში, ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, შემდეგი ტიპის დაზიანებები აღინიშნება. ქვის ზედაპირის აქერცვლა, ქვის განშრევება, ქვის გაფხვიერება, ქვის ზედაპირის სახეცვლა.
2018 წლის ხელშეკრულების თანახმად მიმდინარეობს შემდეგი საკონსერვაციო სამუშაოები:
ქვის ზედაპირის კონსოლიდაცია – წინა პერიოდის სარესტავრაციო ჩარევების მექანიკური მოცილება;
ქვის ნაკლული ადგილების რეკონსტრუქცია კირხსნარით;
ქვის წყობას შორის არსებული ნაკერების ინექტირება;
პროექტის ავტორი: ნანა კუპრაშვილი, კონსულტატი: სტეფანო ვოლტა, სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ალექსანდრე რუბაშვილი.
რესტავრატორ-კონსერვატორები: სალომე ახალაშვილი, მარიამ ამაშუკელი, ნუცა ადეიშვილი, საბა ციკოლია.