ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროცესი გრძელდება
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – რამდენიმე დღეში, საქართველოში, „გოსფილმოფონდში” დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, მესამე ეტაპზე, ქართულ მხარეს 1960-დან 1985 წლამდე პერიოდში გადაღებული ფილმები დაუბრუნდება.
მათ შორისაა: რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი” (1975), გიორგი შენგელაიას „ალავერდობა” (1962) და „ფიროსმანი” (1969), თენგიზ აბულაძის „ვედრება” (1967), ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ” (1961), ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968) და თამაზ მელიავასთან ერთად გადაღებული – „თეთრი ქარავანი” (1963), რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება” (1975) და „ნეილონის ნაძვის ხე” (1985), ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები” (1978), ასევე, გუგული მგელაძის „ბურთი და მოედანი” (1961).
ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, სამუშაო ვიზიტით, ქალაქ მოსკოვში, პროექტის კურატორი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამსახურის უფროსი ნანა დოლიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი იმყოფებიან. შეხვედრა შედგა ქართულ დელეგაციასა და „გოსფილმოფონდის” დირექტორს შორის. ვიაჩისლავ ტელნოვმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესს.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების საცავებში შენახვის პირობებს, მათი რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო. შემოწმდა ფილმების როგორც ორიგინალების, ასევე, პირველადი ასლებისა და სამუშაო პოზიტივების მდგომარეობა. ფილმოფონდის რესტავრატორების ჯგუფთან ერთად შეფასდა ჩატარებული სამუშაოები – მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დეკემბრისთვის, კიდევ 10 ფილმის ჩამოსატანად.
დაბრუნებული ფილმების მასალები მის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. თერთმეტივე ფილმი უკვე მზად არის საბაჟოზე გადასატანად, სადაც მას რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობა დახვდება. ქართული კინომემკვიდრეობის თბილისში უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას ავიაკომპანია „აირზენა” უზრუნველყოფს.
საქართველოში ფილმების დაბრუნების პროცესში აქტიურადაა ჩართული კერძო სექტორიც. ელდარ შენგელაიას ფილმის – „არაჩვეულებრივი გამოფენა” დაბრუნება, კომპანია „ჯეოსელის” მხარდაჭერით განხორციელდა.
რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. „გოსფილმოფონდიდან” 11 ფილმის დაბრუნების შემდეგ, დღეისთვის, საქართველოში, უკვე თავს მოიყრის 26 ფილმი. ფილმსაცავის აშენებამდე ისინი საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
მანამდე კი, სულ უფრო აქტუალური ხდება, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. „გოსფილმოფონდიდან” ჩამოტანილ მასალასთან ერთად, თავად საქართველოშიც, 100 000 ყუთზე მეტი ფირი საჭიროებს შენახვისათვის სათანადო პირობების შექმნას – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეროვნულ კინოცენტრთან ერთად განაგრძობს კინოარქივის და ციფრული ლაბორატორიის პროექტზე მუშაობას.