ანრი ოხანაშვილი: საპატრიარქოს განცხადებაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო საკითხია აღნიშნული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სინოდის სხდომის ოქმში, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო საკითხია აღნიშნული.
მისივე თქმით, საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გარკვეული საკითხები უნდა გაიმიჯნოს.
„საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოების ყველა წევრისთვის საინტერესოა. ჩვენ გვექნება კონსულტაციებიც და მსჯელობაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში საზოგადოების დიდი ნაწილი იყოს ჩართული და მოვისმინოთ ყველა შესაძლო არგუმენტი. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სამართლებრივი. ამასთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება სწორი არ იქნება. რაც შეეხება განცხადებას, საპატრიარქოს განცხადებაში მე ვკითხულობ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენც გვქონდა მსჯელობა. საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია სარეაბილიტაციო დაწესებულებების შექმნა, მკურნალობა მომხმარებლებისთვის და აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსების შექმნა. ეს არის მომხმარებლების მკურნალობასა და მათ შემცირებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება გასაღებას, ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრეს კონტროლზე იქნება აყვანილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ გუშინ სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდის წევრების აზრით, კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები