“ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცი, რომ თქვენც ყველაფერს აკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე”

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე ესტონეთის პრეზიდენტს უმასპინძლა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

კერსტი კალიულაიდიმ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთის მტკიცე მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომელსაც ისტორიული კავშირები ემყარება.

ესტონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართველ ხალხს და ასევე გავიხსენო სამწუხარო ფაქტი, საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის 10 წლის თავი.

ჩვენ არ დავნებდებით იმ იმედით, რომ საქართველო შეძლებს დამოუკიდებლობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასობაში, ჩვენ განვაგრძობთ თქვენი მოსაზრებების ღიად და გულწრფელად გამოხატვას, სანამ ეს საჭირო იქნება.
ჩვენ გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღსადგენად. იმ დროს ჩვენს ხალხს წარმატების მიაღწევამდე სტრატეგიული მოთმინება გააჩნდა. ეს უნდა გვახსოვდეს და იმედს გვაძლევდეს. ამ პროცესს რომ დრო სჭირდება, უნდა შევახსენოთ მათ, ვინც იმედს კარგავს. მანამდე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცი, რომ თქვენც ყველაფერს აკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე. ჩვენ მხარს გიჭერთ, ჩვენ გეხმარებით და გთხოვთ, რომ იმედი არ გაგვიცრუოთ და განაგრძოთ რეფორმების გზა, რომელიც აირჩიეთ.
გთხოვთ, განაგრძოთ იმის ჩვენება, რომ თქვენ წარმატებულნი ხართ ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, როგორზეც სხვა ევროპის ქვეყნები იკითხავენ, თუ რატომ არ არის ის ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ სწორედ ეს დაისახეთ მიზნად და ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროგრესის მომსწრე გავხდებით.
ჩვენ ერთად ვდგავართ და თქვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ევროკავშირთან. ჩვენ ასევე ერთად ვართ ნატო-ს სამიტისთვის სამზადისში იმ იმედით, რომ ის თავდაცვის სფეროში ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გარანტიების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის”,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები