ტეზერისა და ქანდის ავტობუსის გაჩერება-პავილიონებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის და მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ პატარა ქანდის ავტობუსის გაჩერება/პავილიონებს,  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი პავილიონებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 24 აპრილის ბრძანებით მიიღეს.
ავტობუსის გაჩერება/პავილიონები მდებარეობს ბორჯომი –ხაშურის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე, (ს8) სოფელ ტეზერის გადასახვევთან და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან (E60; ს1) სოფელ პატარა ქანდასთან დამაკავშირებელი მონაკვეთში.
არქიტექტორი/კონსტრუქტორი: გიორგი ჩახავა (1923-2007).მშენებლობის წელი: 1970-ანი წლების ბოლო – 1980-ანი წლების დასაწყისი ნაგებობების ასაშენებლად გამოყენებულია გიორგი ჩახავას მიერ განვითარებული ასაწყობი კონსტრუქცია, რომელიც წინასწარ ჩამოსხმული რკინა-ბეტონის ელემენტებისაგან შედგება. ამ ელემენტებით შესაძლებელია ღია, მცირე არქიტექტურული ფორმების პირდაპირ სამშენებლო მოედანზევე აწყობა, რაც მშენებლობის პერიოდს მინიმუმამდე ამცირებს. საინჟინრო თვალსაზრისით ის ორ საინტერესო ფაქტორს შეიცავს – კონსტრუქცია თვითმზიდია და შედგება ინდუსტრიულადდამზადებული სტანდარტული ელემენტებისგან. ელემენტები „სავარცხლის” პრინციპით იდგმება ერთმანეთში, რაც მათ სიხისტეს უზრუნველყოფს. ელემენტებით შესაძლებელია როგორც საყრდენი კედლის სიბრტყეების, ასევე გადახურვებისა და მათი მზიდი სვეტების კონსტრუირება.
არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესოა კონსტრუქცია იმის გამო, რომ ის ნებისმიერი კომპოზიციის აწყობის შესაძლებლობას იძლევა და შეიძლება არასდროს არ განმეორდეს, თუმცა მისი ცნობადობა და უნიკალურობა გარანტირებული იქნება. ამრიგად, ამ ელემენტებით აშენებული ყოველი პავილიონი უნიკატს წარმოადგენს.
ამ გაჩერებებს სხვებისგან განასხვავებს ფორმების სიმარტივე. ის გზის პირას დგას და, სავარაუდოდ, ერთადერთია, რომელიც თავის პირვანდელ ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს. ცენტრალური ღერძის მიმართ სიმეტრიულ, სამი მხრიდან დახურულ მოცულობას ბრტყელი გადახურვა აქვს. გაჩერებები არ არის მორთული დეკორატიული კერამიკული ფილებით,
როგორც სხვა გაჩერებები, მაგრამ ეს არაფერს არ აკლებს მას – პანელების ფორმა და ფოსოების რითმი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სიბრტყეები მოსაწყენად არ აღვიქვათ. პანელები კარგ მდგომარეობაშია, შეიძლება მათი გაწმენდა და თავიდან შეღებვა.
ამ პავილიონებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებების გამო:

1. გიორგი ჩახავა საქართველოს ყოფილი გზების სამინისტროს, ამჟამად კი საქართველოს ბანკის სათავო შენობის თანაავტორი და ქართული საბჭოთა მოდერნიზმის ერთ-ერთი იშვიათი წარმომადგენელია, რომლის სახელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ასეთი სახელოვანი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ავტობუსის გაჩერება მისი პრაქტიკული დანიშნულების გარდა, ტურისტულ პოტენციალსაც შეიცავს და ბორჯომი–ხაშურის ტურისტულ რუკაზე შეიძლება იქნეს დატანილი.

2. გიორგი ჩახავას მიერ აშენებული სხვადასხვა კონსტრუქციის პავილიონების უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია, გაურკვეველია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული პავილიონების ბედი, ამიტომ აუცილებელია, შევინარჩუნოთ ყოველი შემორჩენილი ობიექტი. გიორგი ჩახავას მიერ რკინა-ბეტონის ელემენტებით აშენებული არცერთი პავილიონი აღარ არის შემორჩენილი.

3. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული 1970-იანი წლების საბჭოთა მოდერნიზმის ნიმუშები, კერძოდ მცირე არქიტექტურული ფორმები, მათ შორის გაჩერებები სულ უფრო მეტად პოპულარული და არქიტექტურული თუ ეპოქალური თვალსაზრისით დასაცავი ფასეულობა ხდება. ამას მოწმობს არაერთი ფოტოგამოფენა და პუბლიკაცია, რომელთა შორის გამოირჩევა ამერიკელი ფოტოხელოვანის, კრისტოფერ ჰერვიგის სქელტანიანი წიგნი  -“საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები” (Christopher Herwig, Soviet Bus Stops, 2015), სადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული გაჩერებებიც, მათ შორის გიორგი ჩახავას ნამუშევრებიც არის შესული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები