სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება დასრულდა (ვიდეო)

სპეციალური ოპერაციების ძალების უწყებათშორისი სწავლების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. როგორც “კვირას”თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ერთობლივ წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდნენ.
ქართული ქვედანაყოფების მომზადება ევროპაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით განხორციელდა. შემაჯამებელი სწავლებით 4-დღიანი წვრთნა დასრულდა, რომელიც ორი ძალოვანი უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა მიზნად. თავდაპირველად, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა ოპერაციის რაიონში სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა, რეინჯერებმა, კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმმა და აშშ-ის სპეცდანიშნულების წარმომადგენლებმა ობიექტების ერთობლივი შტურმი ავიაციის დახმარებით დაიწყეს, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით და მძევლის გათავისუფლებით დამთავრდა.
სწავლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ.
4-დღიანი წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები