პარლამენტარი შალელაშვილი სააკაშვილს პასუხობს: „აფერისტი და რუსი ებრაელი” მიწოდა
საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც, როგორც შალელაშვილი ამბობს, ექსპრეზიდენტმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
„მინდა განცხადება გავაკეთო ძალიან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხზე. სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2″-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით – „აფერისტი და რუსი ებრაელი” მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილი, ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არამხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა, რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ. სააკაშვილის სულიერ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ 3 სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. პირველი, როდესაც საუბრობს აფერისტობაზე, ეს არის ღირსების შემლახავი ნორმა, მეორე რასისტული და მესამე ანტისემიტური განცხადება გააკეთა“,- აღნიშნა შოთა შალელაშვილმა.
მისივე თქმით, ის აპირებს, რომ აღნიშნული განცხადების გამო, სააკაშვილს პასუხი სამართლებრივად მოსთხოვოს.
„ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი, ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ. სამართლებრივ დონეზე, ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი – ჩემმა იურისტებმა დაიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება! ეს განცხადება, ბუნებრივია, გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან! იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას. დამატებით მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს რომელიც ბოლო დროს წამოიჭრა: პირველი – აუცილებლად მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ადამიანის მიმართ, მე არასოდეს არ მქონია და არც მაქვს მასთან არანაირ ბიზნესურთიერთობ. მეორე- . რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყევტილებას და ყველა მონაცემით ის იქნება გამართლებული. საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით კითხვა კი ძალიან ტექნიკურია, იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს“,- განაცხადა შალელაშვილმა.