დავით ჭიჭინაძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე: ეს, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობით ყოფნას, ამომრჩევლის შეურაცხყოფად მიიჩნევს.
ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა:
“არასწორი ნაბიჯია, ასეთი რეზონანსის მქონე საქმე ანდო „ნაციონალურ მოძრაობას“. მართალია, ისინი სხვა სახელით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ საზოგადოებისთვის ისინი ისევ და ისევ ერთნი არიან. ზოგადად, პრეცენდენტი, რომ ამ ხალხს ვანდეთ ქვეყანაში სიმართლის და სამართლიანობის დადგენა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რას ვაკეთებთ. დღეს, დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება, რომ ისინი აჩვენებენ ქვეყანას, თუ როგორ უნდა დადგინდეს სამართალი. მათი სამართალი ჩვენ ყველას გვახსოვს. ვფიქრობ, ამ კომისიის ტრანსფორმირება უნდა მომხდარიყო. ზოგადად, რატომ არ მიმდინარეობს პროკურატურაში არსებული უამრავი საქმის გამოძიება და ვინ გამოიძიებს ამ საქმეებს? არჩევნების გამყალბებლები? თუ ის ხალხი, გამუდმებით სულის ამოხდით რომ გვემუქრებოდა? ჩვენ გვინდა ამ ადამიანებმა მოიტანონ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა? მე ეს აბსურდად მიმაჩნია და ვფიქრობ, ჩემი პოზიცია აბსოლუტურად სწორია. ძალიან დამაფიქრებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა ახსნა-განმარტებები, რატომ არიან ერთიანი ევროპულ საქართველოსთან, მე ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. თუ ასეთი აუცილებელი იყო კომისიაში ათი ადამიანის ყოფნა, ნახევარი-ნახევარზე მაინც ვყოფილიყავით. სამართლიანობის აღმდგენები კი არა, იმის დამკვირველები ყოფილიყვნენ, ჩვენ როგორ ვიკვლევთ. დაზარალებულმაც მათ მიმართ უნდობლობა გამოაცხადა. საზოგადოებას ვის მიმართაც კითხვები აქვს, ყველა უნდა დაიკითხოს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ან პროფესიონალიზმი, ან პატიოსნება აძლევდეთ იმის საშუალებას, საქმე სრულფასოვნად გამოიძიონ. საერთოდ ვფიქრობ, რომ როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა, ამ კომისიის შექმნის საჭიროებაც მოიხსნა და თუ მაინცდამაინც იქმნებოდა, პირველ რიგში, უნდა შეგვესწავლა ჩანერგილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს რიგებში მრავლადაა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ “კვირას” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები