ეროვნული არქივის კინოდარბაზში „პიონერფილმის“ ფილმის – „თეთრი დარბაზის“ (1028 დღე) პრემიერა გაიმართა

საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო-ვიზუალური მიმართულების ვარსკვლავოსანი სტუდია „პიონერფილმის“ (ხელმძღვანელი – გრიგოლ ჩიგოგიძე) ფილმის, „თეთრი დარბაზის“ (1028 დღე) პრემიერა გაიმართა. ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. ფილმის კონსულტანტია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა სურგულაძე.
„პიონერფილმის“ ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის თქმით, 3 თვეს იღებდნენ ბავშვები ფილმ „თეთრ დარბაზს“.
„იშვიათია ადამიანი, რომელიც არ ყოფილა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში და არ იცოდეს შენობა, სადაც თავის დროზე განთავსებული იყო საქართველოს ეროვნული მთავრობა.
აქ არის უამრავი დარბაზი, მათ შორის, მარმარილოს დარბაზი, სარკეებიანი დარბაზი, მაგრამ ყველაზე მთავარია თეთრი დარბაზი, სადაც ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. აგრეთვე სომხეთისა და ზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტებს. სწორედ ამ დარბაზზეა ეს ფილმი. ჩვენმა ბავშვებმა იმ პერიოდზე მოიძიეს უამრავი ფოტო და კინომასალა, რაშიც დაგვეხმარა ეროვნული არქივი, თეონა იაშვილი და გიორგი კაკაბაძე.
ფილმის კონსულტანტი იყო პროფესორი პაატა სურგულაძე, რეჟისორია თეკლა კოჭლამაზაშვილი, ოპერატორი – მარიამ გიგილაშვილი, სცენარის ავტორი – ლიზიკო ხუბულური.
ბავშვები თვითონ მუშაობდნენ ფილმზე, ამ დროის განმავლობაში გაიგეს, რა დიდი ამბავი მოხდა 100 წლის წინ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დამოუკიდებლობის სათავეებთან იდგნენ, რატომ გასტანა ამ დამოუკიდებლობამ 1028 დღეს და არ მოხერხდა, კიდევ გაგრძელებულიყო, რომ 25 თებერვალი არ დამდგარიყო, ჩვენს ქვეყანას კი ეცხოვრა ძალიან კარგ და ნორმალურ სიტუაციაში, – ეს არის ფილმის დანიშნულება.
გადაღებები მიმდინარეობდა: კოჯორში, მთაწმინდის პანთეონში, თბილისის სხვადასხვა კუთხეში, სასახლის ბაღში და იმ განთქმულ აივანზე, სადაც „ქეთო და კოტე“ გადაიღეს. ფილმში გამოყენებულია კოტე ფოცხვერაშვილის მუსიკა, ფორტეპიანოზე ასრულებს ასევე სასახლის აღზრდილი თამუნა ჟვანია, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ჯორჯაძის ფილმიდან „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“. ნაწყვეტი „აბესალომ და ეთერიდან“, „ქეთო და კოტედან“. ეს ყველაფერი, რაც იმ პერიოდს ემთხვევა.
ასევე, ფილმებიდან გამოყენებულია ადგილები, სადაც მიხეილ ჭიაურელი არსენას თამაშობს, ნაწყვეტი ფილმიდან „კომუნარის ჩიბუხი“…
ასეთი შეიქმნა ეს პატარა ფილმი, რომელშიც დიდი ენერგია ჩავდეთ.  ამ პატარა ფილმს სამი თვე ვიღებდით. თითქოს არაფერია, მაგრამ თითოეულ კადრს, თითოეული ხმის დაყენებას ცოდნა სჭირდებოდა. ჩვენ ხომ არ გვაქვს პროფესიონალური აპარატურა, მაინც შეძლეს ბავშვებმა საქმის ბოლომდე მიყვანა და გააკეთეს“, – განუცხადა „კვირას“ გრიგოლ ჩიგოგიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დღეს სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ „პიონერფილმს“ გადასცა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის დეივ უეტერსონის მიერ გამოგზავნილი დიდი ოქროს მედალი. მედლით „პიონერფილმი“ 2017 წლის ნოემბერში ნორჩ  კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაში დიდი დამსახურებისთვის დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები