ნათელა იანქოშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

6 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს გამოჩენილი ქართველი მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის – ნათელა იანქოშვილის (1918 – 2007 წწ. ) 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას.
მუზეუმის ინფორმაციით, ნათელა იანქოშვილი ქართული ფერწერის სრულიად უნიკალური მოვლენაა. მისი პეიზაჟი, პორტრეტი, გრაფიკა და წიგნის ილუსტრაცია ქართული და მსოფლიო სახვითი ხელოვნების ნამდვილი მატება და საგანძურია, რომელიც, დროთა განმავლობაში, უფრო მეტ სიამაყეს აგრძნობინებს შთამომავლობას.
„ხელოვანმა, რომელიც ყოველთვის მეტად რადიკალური იყო და ყველანაირ საბაზო ღირებულებაზე მაღლა ხელოვნებას აყენებდა, შეძლო თავისი შემოქმედების უკომპრომისოდ და ენერგიულად განვითარება. მხატვრის თავისუფლებას კლავდა სოცრეალიზმი, რამაც ძალზე გააღარიბა მხატვრული პროცესი. ამიტომ იყო, რომ იანქოშვილმა გაანადგურა თავსმოხვეული თემებით შექმნილი სურათები, 200-ზე მეტი ნახატი მან და მისმა მეუღლემ, მწერლმა ლადო ავალიანმა, ბუხარში დაწვეს. ამის შემდეგ მხატვარი თითქოს დიდი ტვირთისგან გათავისუფლდა და დაიწყო იმის კეთება, რაც მის სულთან და მხატვრულ ბუნებასთან იყო ახლოს.
იანქოშვილის ნახატებში თითქოს მუდამ ღამეა. ღამე, როგორც წესი, ნთქავს და აფერმკრთალებს ფერებს, მაგრამ იანქოშვილის ნამუშევრებზე ფერები ყვავის, როგორც სიცოცხლე, რომელიც მათში ასე ექსტაზით ფეთქავს. თუმცა, ეს ღამე, პირველ რიგში, მხატვრული ფენომენია, ხელოვნების იარაღი. ღამე მხოლოდ მოჩვენებითია და შუაღამით აფეთქებულ სიცოცხლეს შეთქმულების ელფერი დაჰკრავს, თითქოს, მხატვარი ბუნებას შეჰკვრია, თითქოს, თვით ღამის მზის ქვეშ აყვავებული ბუჩქებიც კი მის იქ მყოფადობას ამხელენ. ეს ის შეთქმულებაა, რომელიც ყველას და ყველაფერს მოიცავს: ღამეს, სინათლეს, მის უხილავ წყაროს და ასევე, აქ წარმოდგენილ ყველა საგანს, თავისი არსებობის დასტურად, საზეიმოდ გადმოსცემს.
მხატვრის მიერ, ფუნჯის ფართო, რელიეფური და იმავდროულად, ერთიამოსუნთქვით გავლებული მონასმით შექმნილია დრამები, რომლებშიც წარმოდგენილია ქართული ბუნება მისი წიაღიდან ამოზრდილი უძველესი ადგილებით, ხუროთმოძღვრული ნანგრევებითა და ეკლესიებით, შავისა და მწვანის ფონზე, მთელი თავისი მოციმციმე ელფერებით, მწვანე ფერით, რომელიც ხან ხალიჩასავით უხვად და მდიდრულად ეფინება მთის ფერდობებს, ხან კი ხის მუქი შტამბებიდან გამოსჭვივის. აქ ფერთა პალიტრა კოსმიურს ეზიარება და ყველაფერს რეალურს, ცოცხალს, ხელშესახებს, თვით განმარტოებით მდგარ, გორაზე აღმართულ ეკლესიის სამრეკლოს წვერსაც კი ალეგორიულად აღამაღლებს და ტრანსცენდენტურში გადაჰყავს.
მწერალმა, ხელოვნების თეორეტიკოსმა და ფილოსოფოსმა, ვალტერ ბენიამინმა (Walter Benjamin) ვან გოგის შესახებ თქვა: „მან აურის დახატვაც შეძლო“. სწორედ იგივეს თქმა შეიძლება იანქოშვილის შესახებ, ისიც ხატავს აურას, რაშიც ნახატის უკანა ფონის გავლენა იგულისხმება. ნახატზე გამოსახული საგანი, ადამიანი თუ ლანდშაფტი, თავისი დინამიკითა და რიტმით თითქოს მთელ სივრცეს ექოდ გადაედება და თვალსაჩინოს ხდის მხატვრის მისტიკურ სამყაროს.
იანქოშვილი გვევლინება ფიროსმანის სულიერ მემკვიდრედ, მან თავისი ხელოვნებით უერთგულა ფიროსმანის ძლიერ ეროვნულ შეგრძნებას და თავისი მხატვრული ძიებანი და მიგნებები სწორედ ამ მხრივ წარმართა და მიაღწია იმ შედეგს, რითაც ასეთი ეროვნული და ინტერნაციონალურია მთელი მისი შემოქმედება“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 16 ივნისამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები