„გადავწყვიტეთ, რომ წელს ვაშლის სუბსიდირება განვახორციელოთ“
შარშან სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირება მოახდინა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს ვაშლის სუბსიდირება განვახორციელოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერი ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ გადაჭრის გზებზე ისაუბრა.მოსახლეობას ძირითადად გაზიფიცირების პრობლემა, ხიდების, ასევე დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციის საკითხი აწუხებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა და ხელისუფლების უახლოეს გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში გარემონტდა ამბულატორიები, სოფელ ტყვიავში კი უახლოეს მომავალში ახალი საავადმყოფო აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ შიდა ქართლში 2014 წელს 75 ათასამდე მცირემიწიანი ფერმერი 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო დახმარებას მიიღებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, 2013 წელს შიდა ქართლში გაიწმინდა და მოწესრიგდა საირიგაციო არხები, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის სამუშაო-გეგმის ფარგლებში კი მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წყალმომარაგების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქსელის რეაბილიტაცია ყველა რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს, რის შედეგადაც მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.