პროკურატურა: მირზა სუბელიანმა, შვილი დაკითხვაზე 3 საათში წაიყვანა, ხოლო ნათესავებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა (ვიდეო)

„მირზა სუბელიანი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე“, – ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე, ლ.კ. -ს საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ნათესავებთან მისი შვილიც იმყოფებოდა და მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ვითარების გარკვევის შემდეგ, მირზა სუბელიანმა, რომელიც მაშინ პროკურატურის თანამშრომელი იყო შვილი დაკითხვაზე 3 საათში წაიყვანა, ხოლო ნათესავებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ამჟამად, ლ.კ. სხვა 4 პირთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

„ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არის ლ.კ. , რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას. გამოძიებამ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა და დღეს ისინი სასამართლოშია წარდგენილი, ხოლო ლ.კ. სხვა 4 პირთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, იგი 2017 წლის პირველ დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას – დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამასთან საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, 51 -ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული ჩხუბი, ორი არასრულწლოვნის მკვლელობით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები