ირაკლი ღარიბაშვილი მეფრინველეობის მეურნეობას ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთ კარში მეფრინველეობის ფაბრიკა „პიუნიკ ჯორჯია”დაათვალიერა, რომელიც იაფი კრედიტის დახმარებით შეიქმნა. შპს „პიუნიკ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ლევან ცხადაძემ ირაკლი ღარიბაშვილს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ შეღავათიანი სესხის საშუალებით კომპანიამ 2,5-ჯერ გაზარდა წარმოება, 42 ადამიანი დაასაქმა და სამომავლო ზრდასთან ერთად პროდუქციის ექსპორტსაც გეგმავს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე დგება დრო, როდესაც მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ეკონომიკის ნომერ პირველი ამოცანაა. თითოეული ამგვარი წარმატებული საწარმო კი ყველაზე კარგი მაგალითია მეწარმეებისთვის, რათა მათ დააბანდონ თანხა სოფლის მეურნეობაში, დაასაქმონ ხალხი, აწარმოონ ნამდვილი ქართული პროდუქცია, წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში, შექმნან დაცული ბიზნესი და ნახონ მოგება.
პრემიერ-მინისტრი საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობას, ძირითადად, მწყობრიდან გამოსული სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის პრობლემა და სოფლების დამაკავშირებელი ხიდების არარსებობა აწუხებს. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან ერთად მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წყლისა და გზის პრობლემების მოგვარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს რეგიონი, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები არ ხორციელდება. საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი იმყოფებოდნენ.