ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

0

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე,  საქართველოს ხელსაყრელ საინვეტიციო კლიმატზე,  ავსტრიიდან კაპიტალის მოზიდვისა და ტურისტული ნაკადის ზრდის  შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ამასთანავე, ორი ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა  და საბიუჯეტო პროცესები განიხილეს.

„კარლ კოფვი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, ამასთანავე, საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი: ის ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი იყო, ამჟამად მისი კანდიდატურა წარდგენილია  ავსტრიის სავაჭრო პალატის  გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რომლის დამტკიცებაც მომავალ კვირას იგეგმება.  ბატონ კარლს გავაცანი საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული უმსხვილესი ეკონომიკური პროექტები და თბილისში სტუმრად მოვიწვიე.  საქართველოში 24 ავსტრიული კომპანია ფუნქციორებს, ვფიქრობ, კარლ კოფვის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს  ავსტრიული ბიზნესების გააქტიურებასა და მაქსიმალურ ჩართულობას აღნიშნულ პროექტებში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ავსტრიის პარლამენტის სხვა წევრებსა  და  საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კოვზანაძე ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად  შეხვედრებს გამართავს ასევე ავსტრიის ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორთან, კლემენს გრუნდაკერსა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი