კონგრესმენი როისი – საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში

საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
კონგრესმენმა როისმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს მისი, როგორც მოკავშირის იმედი.
საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დაფიქსირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება გაკეთდა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსმენა გაიმართა. მაიკ პომპეომ კომიტეტში, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა – “საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატოში გაწევრიანებაზე”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კონგრესმენების შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა შეიძლება ქმნიდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის კუთხით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ელიოტ ენგელი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და პრემიერ-მმინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები