პრემიერის მოწვევით, 26 მაისს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაურის მოწვევით, საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის მეთაური, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგში“ 26 მაისს, 09:00 საათზე გაიხსნება.
გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას. ასევე, დაგეგმილია პრემიერის გამოსვლა კონფერენციაზე – “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია”, რომელიც პარლამენტში გაიმართება.
დღის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოში სტუმრად მყოფ სახელმწიფოების მეთაურებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
26 მაისს, განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.
საიუბილეო ღონისძიებები თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი გალა კონცერტით დასრულდება, რომელზეც 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება. საზეიმო კონცერტს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში სტუმრად მყოფი სახელმწიფოების მეთაურები და დელეგაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
დღის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ტრადიციულად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები