სოზარ სუბარი: სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის იმედი მაქვს

დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მას სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის იმედი აქვს. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება მარტივი საქმე, რაც მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ზეწოლა შედეგს გამოიღებს.

“შეუძლებელია სხვაგვარი გადაწყვეტილება, თუ აქ ძალიან დიდი პოლიტიკა არ ჩაერთო. მე სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის იმედი მაქვს. ის ყველაზე მაღალი და ყველაზე ავტორიტეტული ინსტანციაა საერთაშორისო დონეზე. შეუძლებელია სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მკაფიოდ დადასტურებული ეთნიკური წმენდა, ადამიანების წამება, მკვლელობები, ღირსების შემლახავი მოპყრობა ქართველი ჯარისკაცების თუ რიგითი მოქალაქეების მიმართ. სახეზეა ასევე ნგრევა და სახლების შეგნებული დაწვა იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ იქ დაბრუნების საშუალება და პრაქტიკულად საზღვრების გავლება, რომლის გადაკვეთის საშუალება ადამიანებს არ აქვთ. ეს ეხება როგორც ცხინვალის მიმართულებას, ასევე კოდორის ხეობას.

რაც შეეხება აღსრულებას, ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. ამისთვის არსებობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელსაც აქვს ყველა ის ბერკეტი, რითიც შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და აიძულოს გადაწყვეტილებების შესრულება. შეიძლება ეს არ იყოს მარტივი საქმე და არ იყოს 3-თვიანი პროცედურა, თუმცა ზეწოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი თავის მხრივ, აშანტაჟებს ევროპულ სახელმწიფოებს იმით, რომ შეწყვეტს ევროსაბჭოს დაფინანსებას, გავა საერთოდაც ევროსაბჭოდან, მაგრამ დემოკრატიული სამყაროს ძალა მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი,”- აღნიშნა სუბარმა.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო. საქმეზე დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები