“გააქტიურებულია ის კომუნიკაცია, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ალექსანდრე ნაცვლიშვილის გათავისუფლებისთვისაა აუცილებელი”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 20 მაისს, ოკუპირებული გალის რაიონში, ალექსანდრე ნაცვლიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მის გათავისუფლებაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, გააქტიურებულია ის კომუნიკაცია, რომელიც მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვისაა აუცილებელი.
„როდესაც ვსაუბრობთ ამ მუშაობაზე, ბუნებრივია, კარგად გვესმის, რომ მთლიანად ეს პროცესი და ფაქტი, ასეთ უკანონო დაკავებაზე, აბსოლუტურად არალეგიტიმურია დეფაქტო მოცემულობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს.
გააქტიურებულია ოპერატიული ცხელი ხაზი და ის კომუნიკაცია, რომელიც საჭიროა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ქუთაისის მკვიდრი ალექსანდრე ნაცვლიშვილი 20 მაისს დააკავეს.