თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში 700-ზე მეტი ახალი მტკიცებულება იქნება წარდგენილი
ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით მტკიცებულებების შეგროვებაზე, შეკრებაზე, მათ სისტემატიზაციაზე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ხელახლა არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს, რათა 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარე მტკიცებულებებით წელგამართული ყოფილიყო.
„არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ თავიდან და აღვადგინეთ, შემოვიტანეთ, ჩამოვიტანეთ, სხვადასხვა უწყებებიდან ამოვიღეთ იმისთვის, რომ შეგვძლებოდა 23 მაისს, როდესაც ბოლო სხდომა გაიმართება სტრასბურგის სასამართლოში, საქართველო ყოფილიყო მტკიცებულებებით წელგამართული, რათა ვაჩვენოთ ერთი შეხედვით მარტივი რეალობა.
საქართველოსთვის უმთავრესია სამართლებრივად დავადასტუროთ სასამართლოს წინაშე, რომ არა მხოლოდ ომის პერიოდში, არამედ ომის შემდეგ და მანამდეც, ბევრად ადრე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის ტერიტორიაზე და საქართველოს ხელს უშლიდა თავისი იურისდიქციის გავრცელებაზე.
უფრო მეტიც, 12 აგვისტოს კონფლიქტის ზონის მიღმა რუსეთმა გორში ჩამოაგდო ე.წ. ისკანდერი, ის იარაღი, რომლის ფლობასაც რუსეთი დღემდე უარყოფდა“,- განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, მთლიანობაში 700-ზე მეტი ახალი მტკიცებულება იქნება წარდგენილი.
„23 მაისს ახალი მტკიცებულებებით ვაჩვენებთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ ეს, როგორც რუსეთი ამტკიცებს, ნამდვილად არ არის ფოტოშოპით გაკეთებული ფოტოები, არამედ ჩვენ თვითონ ამ იარაღის ნამსხვრევები გვაქვს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. დიდი ხანი რუსეთი უმტკიცებდა ევროპულ სასამართლოს, რომ თითქოს ფიზიკური მტკიცებულება, მატერიალური არ არსებობსო, დღეს ის არსებობს მოპოვებულია და წარდგენილია
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მთლიანობაში 700 ზე მეტი ახალი მტკიცებულება იქნება წარდგენილი 2013 წლიდან დღემდე, რაც მაფიქრებინებს, რომ იმ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, როგორც არის სტრასბურგის სასამართლო, ეს დავა ძალიან მალე, საქართველოსთვის წარმატებით უნდა დასრულდეს“,- განაცხადა წულუკინმა.