ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ სატელეფონო საუბრები მობილურებით არის ჩაწერილი

      ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული სატელეფონო ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თავად ჩაწერეს პირადი ტელეფონებით და შემდეგ ის ტელევიზიას მიაწოდეს.
ექსპერტი „რუსთავი 2“-ს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის პოლიტიკურ ინტერესებთან აიგივებს.
„რუსთავი 2“ უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“.  არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ეს თემა უკვე მომაბეზრებელია. ქვეყანა იმდენად ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, ასეთი თემების ძირითადი მსჯელობის საგნად გადაქცევა სახელმწიფო ინტერესებს და მის მოქალაქეებს ვნებს“, – აცხადებს ცისკარიშვილი. მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები დიდი ალბათობით არის მორიგი თემა, რომლითაც ყოფილი ხელისუფლება დღევანდელ ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში ამყოფებს.
ექსპერტის შეფასებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენები წინასაარჩევნო პერიოდის ცნობილი ტექნოლოგიაა, როდესაც საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია სურთ.
„დიდი ალბათობით ეს მორიგი თემაა, რომლითაც ყოფილი ხელისუფლება დღევანდელ ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში ამყოფებს, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. თუ გააკეთებთ ჩამონათვალს, უკანასკენელი თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რა თემების აქტუალიზაცია ხდება, მიხვდებით, რომ მათი მთავარი ამოცანაა, რამენაირად შფოთი შეიტანონ ჩვენს ცნობიერებაში. ეს კარგი გასართობი იქნებოდა, რომ არა ბევრად უფრო სერიოზული გამოწვევების არსებობა. ეს არის წინასაარჩევნო პერიოდის ცნობილი ტექნოლოგია, როდესაც საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია სურთ“, – აღნიშნა ექსპერტი სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები