ლევან იზორიამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყების ცერემონიასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნას დაესწრება.

ვაზიანში გამგზავრებამდე ლევან იზორიამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ გენერალ კურტის სკაპაროტს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედების პროცესში ამერიკელი პარტნიორების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მებრძოლ სულს“ (Agile Spirit), რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით საქართველოში წელსაც ჩატარდება. ამერიკელმა გენერალმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი გაიხსენა.

შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის ატაშე და ამერიკული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები