“ამას რომ დღევანდელი ხელისუფლება იწერდეს, ამ ხელისუფლების წევრი არ ვიქნებოდი“

   საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ყოფილ ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მოსმენები ყოფილი მმართველი ძალის მიერ ხდებოდა.
,,ძალიან ვწუხვარ, რომ ყოფილმა მმართველმა ძალამ საქართველო ისევ დააბრუნა მძიმე წარსულში, რომელიც ეს ორი წელიწადია აღარ გვახსოვდა და გაგვახსენეს. რაც შეეხება ჩემს ჩანაწერს, რა თქმა უნდა, ეს არის ორიგინალი. ეს არის ჩანაწერი, როცა მე “ჯოენის“ კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვწევარ, გადაწყდა ჩემი ოპერაცია და მეორე დღეს ჩემი მეგობრების დახმარებით, რომლებიც კერძო თვითმფრინავით მიფრინავდნენ, მე გადავფრინდი ნიუ-იორკის კლინიკაში და ამ საუბრიდან სამი დღის მერე გამიკეთეს ოპერაცია. ამასაც კი იწერს ეხლა ის ჯგუფი, რომელსაც არჩევნების წინ რაღაც ქულების დაგროვება უნდა. ამას რომ დღევანდელი ხელისუფლება იწერდეს, მე ამ ხელისუფლების წევრი არ ვიქნებოდი. ეს აპარატურა არის ხელმისაწვდომი იმ გუნდისთვის, რომელსაც უამრავი თანხა, ხალხის და ბიუჯეტის ფული აქვს გაზიდული და შემდგომ ამისთვის ხარჯავდნენ ფულს, რომ ერთმანეთი დაეშანტაჟებინათ“ – აცხადებს საგანელიძე.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების, მათ შორის დავით საგანელიძის სატელეფონო საუბრებს ასახავს. პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები