ფარულ ჩანაწერებში ფიგურანტი ბიზნესმენები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

    ბიზნესმენები ბესო გაბუნია და მამია სანადირაძე, რომელებიც „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
ბიზნესმენ ბესო გაბუნიას განცხადებით, მან იცოდა, რომ უსმენდნენ. მისივე თქმით, მისი და შალვა ობგაიძის სატელეფონო საუბრი 2013 წლის ზაფხულში შედგა.
„საუბარი მე და შალვა ობგაიძეს შორის შედგა 2013 წლის ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში. მე ვმუშაობდი „კავკასუს ონლაინში“. მას შემდეგ, რაც 2008 წელს შევქმენით კავკასიის ინტერნეტმედია ჯგუფი, რომლის დირექტორიც მე ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა“ – განაცხადა ბესო გაბუნია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
გადაცემა “განსხვავებული აქცენტებში” გასაჯაროებული ფარული ჩანაწერის კიდევ ერთი ფიგურანტი ბიზნესმენის მამია სანადირაძის განცხადებით, საქმის გამოძიებაში მონაწილეობა საზოგადოებამ უნდა მიიღოს და ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენა უნდა შეწყდეს.
„პირველ რიგში მე მოვითხოვ, რომ პარლამენტში შეიქმნას კომისია. საზოგადოებამ ამ საქმის გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს და წერტილი დაესვას ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენას. მოსმენისათვის აუცილებელი უნდა იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება. ეს ასეა მთელს ცივილიზებულ სამყაროში და ასე უნდა იყოს საქართველოშიც“, – აცხადებს მამია სანადირაძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს. პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები