ინდოეთში, მიმდინარე არჩევნებისას, 12 ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთის ბენგალის შტატის სამხრეთ ნაწილში, სულ მცირე 12 ადამიანი, ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას დაწყებული არეულობისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად გარდაიცვალა.
შეტაკება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მომხრეებს შორის მოხდა, რა დროსაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს გაუსწორდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, წლევანდელი არჩევნების დროს მოკლულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, გასული წლების სტატისტიკასთან შედარებით.
პოლიციის წარმომადგენლის, სურაჯიტ კარ პურკაიასტხას განცხადებით, პოლიციამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ არჩევნები „სრულ სიმშვიდეში“ ჩატარებულიყო.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, ხალხის ბრბო რამდენიმე უბანზე შეიჭრა და შენობები გადაწვა. შტატის ზოგიერთ ოლქში კი, საპროტესტო აქციებმა იმდენად ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რომ პოლიციას, სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, მათი ძალით დაშლა მოუხდა.