თურქეთში ისლამური სახელმწიფოს 54 წევრი დააკავეს
თურქული მედია-საშუალებების ინფორმაციით, სტამბულში პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს 54 მებრძოლი დააკავა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ანტი-ტერორისტული ოპერაცია სტამბულში მდებარე 19 საცხოვრებელ სახლში ერთდროულად ჩატარდა, რომელიც ქალაქის 13 სხვადასხვა რაიონში მდებარეობდა. პოლიციის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს სავარაუდო წევრები თურქეთიდან სირიის ტერიტორიაზე უკანონო შეღწევას გეგმავდნენ.
თურქეთის მეზობლად მდებარე ერაყსა და სირიაში, ისლამური სახელმწიფოს მონაწილეობით შეიარაღებული კონფლიტის დაწყებიდან დღემდე, თურქეთის პოლიციამ საკუთარი ქვეყნის მასშტაბით უკვე ტერორისტული ორგანიზაციის 5000-მდე წევრის დაკავება შეძლო.
თურქეთმა 4000-მდე დაკავებულის სამშობლოში ექსტრადირება და დეპორტაცია უკვე განახორციელა. ხოლო დაკავებულთაგან 400-მდე პირი თურქეთის პენიტენციურ სისტემაში, ტერორიზმის ბრალდებით, ამ დრომდე სასჯელს იხდის.