თურქეთი იერუსალიმიდან და აშშ-დან ელჩებს გამოიხმობს
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იერუსალიმიდან, ელჩების გამოწვევა დროებით, კონსულტაციების გავლის მიზნით მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზა-ისრაელის ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, სიტუაციის უკიდურესად გამწვავების შედეგად, 58 პალესტინელი დაიღუპა.
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მარტო დარჩა, მან ასევე, მშვიდობის დარეგულირების თვალსაზრისით, რეგიონში შუამავალის როლი დაკარგა. თურქეთის ელჩები ვაშინგტონიდან და ისრაელიდან გამოწვეული იქნებიან კონსულტაციისთვის“, – განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბოზდაღმა.
თურქეთმა, პალესტინაში მომხდარი მოვლენების გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ცნობისათვის, გუშინ იერუსალიმში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მოწოდებით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით, 50 ათასამდე პალესტინელი ისრაელი-პალესტინის საზღვარს მიაწყდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ებრაელ ჯარისკაცებს, იძულებითი მოგერიების აუცილებლობიდან გამომდინარე, პალესტინის მიმართულებით, ცეცხლის გახსნა მოუწიათ, რის შედეგადაც, 58 პალესტინელი გარდაიცვალა, ხოლო 3000-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.