ისრაელს ამერიკის 250-კაციანი დელეგაცია ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი და ქალიშვილი ივანკა ტრამპი, ამერიკის 250-კაციან დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში იმყოფებიან. ამერიკის დელეგაცია, დღეს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.
აშშ-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია საზოგადო მოღვაწეებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით. ღონისძიებას ასევე დაესწრება ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, ჯეისონ დოვ გრინბალტი.
„დიდი სიხარულით ვბრუნდები იერუსალიმში. პატივი მაქვს, პრეზიდენტ ტრამპს, აშშ-ის ადმინისტრაციას და ამერიკელ ხალხს წარმოვადგენდე იერუსალიმში ჩვენი საელჩოს გახსნაზე“, – დაწერა ივანკა ტრამპმა.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიას, ჯამში 800 ადამიანი დაესწრება, რომელიც ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.
ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას, ვიდეოს მეშვეობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები