კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები – ვინ არიან სპეცოპერაციისას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულები?!

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია დიდი ვნებათაღელვისა და საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა. გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაკავების იმ დეტალებზე წერს, რომელიც ღონისძიება კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ განხორციელდა.

ნარკორეალიზატორების დასაკავებლად სპეცოპერაცია ერთდროულად ორ სხვადასხვა ლოკაციაზე („ბასიანსა“ და „გალერიში“) 12 მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე დაიწყო. ოპერაციაში, საერთო ჯამში, 200-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებას წინ უძღოდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული სამთვიანი ფარული საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის კლუბებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდა ე.წ. საკონტროლო შესყიდვები, რომლის ამსახველი ფარული ვიდეომასალა გახარიას უწყებამ გაავრცელა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ნათლად ჩანან კონკრეტული პირები, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენენ, კლუბების ადმინისტრაცია და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ირწმუნება, რომ კადრები ფალსიფიცირებულია. უფრო მეტიც, აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებამდე მათ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და კადრები წინასწარვე ფალსიფიცირებულად გამოაცხადეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ბოცვაძე ამბობს, რომ კლუბში მყოფი პირების ერთმა ნაწილმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტიის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით ჩააბარა, თუმცა მეორე ნაწილში სპეცოპერაციამ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.  მათ ლოკალური აქცია ჯერ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ გამართეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. სამივე ამ ადგილას პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, 51 პირი დააკავეს, მათ შორის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი, თუმცა გამთენიისას ყველა დაკავებული გაათავისუფლეს. რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ პირებს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„პრაიმტაიმისთვის“ იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის ერთი ქალი და შვიდი მამაკაცია. მათი ასაკი 21-დან 30 წლამდე მერყეობს. უფრო ზუსტად კი, გამოცემის მიერ მოძიებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან: თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ბორის დარახველიძე, ლაშა მამულაშვილი და ქეთი მურუსიძე. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მეტსახელად „ვიტო“, კაფე „გალერის“ დაცვის თანამშრომელია.

სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად ზემოხსენებული კლუბებისა და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მხარდამჭერებმა იმავე დღეს სამ საათზე პარლამენტის შენობასთან მობილიზაცია გამოაცხადეს. აქციაზე მათ შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

„მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. 6 წელია, ისინი არაფერს აკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვერც ერთი წარმატებული პოლიტიკური რეფორმა ვერ ვნახეთ, ყველაფერი ფასადურია, რის გამოც უნდა წავიდნენ ისინი. წუხელ ხელისუფლებამ გაიმეორა ის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. ეს არის დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს შემდეგი ოთხი მოთხოვნა აქვთ: თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია მსხვილი ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და შემთხვევის ადგილიდან შესაბამისი მტკიცებულებების ამოღების მიზნით ჩატარდა. და აი, რას ამბობს კრიმინალური პოლიციის უფროსი ვლადიმერ ბოცვაძე:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთანავე, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი, გადაყვანილ იქნა სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა, რაც დაფიქსირდა ვიდეოსაშუალებებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა, კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისთვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ, თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი“, – განაცხადა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კრიმინალური პოლიციის უფროსმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა.

თბილისის ღამის ცხოვრების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე კი მიიჩნევს, რომ კლუბში სპეცრაზმის შესვლა ქვეყნის იმიჯს ზიანს აყენებს.

„ეს არის სფერო, სადაც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე სახელი გაითქვა. აქ შეიძლება 90 პროცენტი და მეტი არ არის მომხრე ნარკოტიკების და არაჯანსაღი ცხოვრების, მაგრამ ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ვფიქრობ, ეს არის წამგებიანი პოზიცია“, – თქვა გვარჯალაძემ, როცა ის პარლამენტის შენობასთან მივიდა, სადაც აქციის მონაწილეები ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიოდნენ სიტყვით. მათი ძირითადი გზავნილი გახლდათ ის, რომ „ჩატარებული სპეცოპერაცია – ეს იყო დარტყმა ქართულ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე“.

„25-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ის თავისუფლება, რომელიც გვეკუთვნის“, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ქეთა გაბუნიამ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემ თვალწინ რაც ხდებოდა, ასეთი მართლა არ მინახავს არცერთ ქვეყანაში. ეს იყო პირდაპირი ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ ადამიანების დაჭერა თუ უნდოდათ, მათ შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ მათ სახლებში. მათ სამაგალითოდ დასაჯეს ის ხალხი, რომლებიც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ამდენი ხანია. მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხით დასახლებული სახელმწიფო, თუმცა ვერ მივართვით, მართლა არ არის ეს სახელმწიფო ერთი ადამიანის საკუთრება და არ დავუთმოთ. აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ბევრი გვაქვს აქ საცხოვრები და არ ვაპირებთ აქედან წავიდეთ და დავუტოვოთ ეს ქვეყანა საჯიჯგნად ადამიანის სახეწაშლილ რაღაცა წარმონაქმნებს. მათი დრო უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ქეთა გაბუნიამ.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები ანალოგს ძირითადად პუტინის რუსეთთან ავლებდნენ და აცხადებდნენ, რომ მსგავსი სპეცოპერაციები მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ტარდება, საწინააღმდეგოზე მეტყველებს ევროპის არაერთი ქვეყნის, მათ შორის ბერლინისა და ლივერპულის კლუბებში ჩატარებული ანალოგიური ტიპის სპეცოპერაციები.

მაგალითად, „ბიბისი“ წერს, რომ ლივერპულის ღამის კლუბი, სადაც „ა კლასის“” ნარკოტიკი უკანონოდ, ღიად იყიდებოდა, პოლიციის ღამის რეიდის შემდეგ დაიხურა.

„პოლიცია აცხადებს, რომ 140 ოფიცერი „გარლანდსის“ კლუბში იმ დროს შევიდა, როდესაც იქ დაახლოებით 200 სტუმარი იმყოფებოდა. შედეგად, ნარკოტიკების ფლობასა და გასაღებაში ეჭვმიტანილი ორი პირი, 19 და 20 წლის ახალგაზრდები დააკავეს.

პოლიციამ მიმართა სასამართლოს განჩინებისთვის კლუბის დასახურად. სამსართულიანი შენობის ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია დიდი ოდენობით ნივთიერება, რაც, პოლიციის აზრით, ნარკოტიკს წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „გარლანდსი“ გახდა ფართო პოლიციური ოპერაციის მთავარი ობიექტი, რა დროსაც უკანონო ნარკოტიკის ამოღება მოხდა.

პოლიციის შეფმა ჯონ გარდმა განაცხადა, რომ პოლიციას არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ კლუბი დაეკეტა“, – წერს „ბიბისი“ და იქვე ციტირებს შერიფის სიტყვებს:

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ აქ „ა კლასის“ და სხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები იყიდებოდა. ნათელია, რომ ეს დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ მაღალ სტანდარტებს, რაც ამ ქალაქში მოქმედ სხვა ლიცენზირებულ დაწესებულებებს აქვს“.

ცოტა ხნის წინ მიუნხენის ორ კლუბში პოლიციამ, ჯამში, 19 პირი დააკავა. მათ MDMA, ამფეტამინი და სხვა ნარკოტიკები ამოუღეს. მიუნხენის პოლიციის ინფორმაციით,  დაპატიმრებულების ასაკი 17-39 წელია.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები