ინდოეთში ქვიშის ქარიშხალმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთში, მორიგი ქვიშის ქარიშხლისა და კოკისპირული წვიმების შედეგად, გასულ ღამეს 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინდური მედია-საშუალებები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უტარ-პრადეშის, ანდჰრა-პრადეშის, დასავლეთ ბენგალის შტატებსა და ინდოეთის დედაქალაქ დელის.
ყველაზე მეტი მსხვერპლი – 38 ადამიანი უტარ-პრადეშის შტატში დაფიქსირდა. ამავე შტატში, არსებული ინფორმაციით, ასეულობით სახლია განადგურებული.
ინდოეთში ეს უკვე მესამე ქვიშის ქარიშხალია, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა მომდევნო დღეებში აღარაა მოსალოდნელი.