რუსულ ბანკს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს, დავით ქაცარავამ უმასპინძლა – სკანდალური სტუმრობის დეტალები

სამოქალაქო მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა „კვირასთან“ იმ სკანდალურ ფოტო-ვიდეომასალაზე საუბრობს, სადაც ის, რუსული „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში,  ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული.
დავით ქაცარავას მიერ რუსების მასპინძლობა დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, რომ არა მისი ხმამაღალი განცხადებები. ყველასთვის ცნობილია, რომ ქაცარავა რუსებთან კომუნიკაციისა და მეგობრობის წინააღმდეგია და ამ კუთხით, მწვავე პოზიციაც არაერთხელ გამოუხატავს. გთავაზობთ მის ერთ-ერთ განცხადებას:
„რუსეთი მტერია!!!! რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჯალათია!!!! რუსეთი კლავს!!!!
P. S.მივმართავ ყველას, ვინც თვლის, რომ რუსეთი ერთმორწმუნე ძმა და მეგობარია, რომ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და ა.შ.!!!! დატოვეთ ჩემი მეგობრების რიგები!!!!! არ მინდა, მქონდეს თქვენთან არაფერი საერთო!!!!! რუსეთი ჩემი მტერია!!!!!!!!!!!!!!! ძალა ერთობაშია!!!!!”.
ამგვარი განცხადებების მიუხედავად, როგორც ჩანს, „ალფა ბანკი“ დავით ქაცარავას დამკვეთი გახდა და მასაც კომერციულ შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს.
ქაცარავამ „კვირასთან“ საუბარში „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბანკი ერთ-ერთი რიგითი დამკვეთი იყო.
ქაცარავას თქმით, მისთვის მთავარი წინაპირობაა, რომ მისმა დამკვეთმა  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აღიაროს. შესაბამისად, ქაცარავას განცხადებით, ის „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას არ დაიწყებდა, მათ რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია არ ეღიარებინათ.

კითხვაზე, რამდენად მოდის თანხვედრაში მისი რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნული ფაქტი, ქაცარავა ამბობს, რომ მას არასდროს, არსად გაუჟღერებია, რომ რუსეთთან ყოველგვარი კომუნიკაციის წინააღმდეგია.

„მე ყოველთვის ვამბობ, – კეთილი იყოს ნებისმიერი ადამიანის ჩამობრძანება საქართველოში, მაგრამ დაიხუროს ის ქუდი, რასაც ჩვენ აქ ვატარებთ. მთავარია, ეს ადამიანი აღიარებდეს, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ჩემთვის უცხოელი სტუმრის რიტორიკა – ვინც არ უნდა იყოს,  გინდა ამერიკელი,  გინდა გერმანელი, რუსი, იტალიელი… ვინც კი იტყვის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის ოკუპირებული, ასეთი ადამიანები ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებლები არიან. რაც შეეხება „ალფა ბანკს“, ეს იყო ერთ-ერთი რიგითი დამკვეთი და მათი დეკლარირებული პოზიცია რომ ყოფილიყო, თითქოს აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი ქვეყნებია და ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი არ არის, დამერწმუნეთ, ურთიერთობას არ დავიწყებდი. ისინი აღიარებდნენ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი! ანუ ჩემი აუცილებელი პირობა ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში არის შემდეგი – ის უნდა აღიარებდეს, რაც ხდება საქართველოში. რეალურად, ეს არის ჩემი წინაპირობა და მე არასოდეს მითქვამს, რომ რუსეთთან არავითარი კომუნიკაცია არ გვქონდეს, არა! კომუნიკაცია აუცილებლად უნდა იყოს“,- განაცხადა დავით ქაცარავამ „კვირასთან“ საუბარში.

ის, რომ აღნიშნული ფაქტი პირველი შემთხვევა არ ყოფილა და რუსებთან კომუნიკაცია ადრეც ჰქონია, ქაცარავა თავადვე გვიდასტურებს:

„ჩემი კომპანია უამრავ შეკვეთას იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდანაც. სხვა დაკვეთებთან შედარებით, რუსული დაკვეთები იშვიათია, მაგრამ ის იშვიათი შეკვეთებიც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა. თუ ამ კომუნიკაციასა და ურთიერთობაში ჩანს, რომ ის ადამიანი ოკუპანტის მენტალობის არის, ბუნებრივია, რა თანხაც უნდა გადაიხადოს, ჩემთვის მიუღებელია. „ალფა ბანკის“ შემთხვევაში, ასეთი ტიპის რიტორიკა არ არსებობდა და ყველაფერთან ერთად, ამ ადამიანებს უწევდათ იმის აღიარება და თქმა, რომ დიახაც, საქართველო არის ოკუპირებული. არ აქვს მნიშვნელობა თანხის ოდენობას, მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანებმა აღიარონ. ჩემთვის ერთ-ერთი ფრონტი რუსეთთან ბრძოლაში გადის იქაც, რომ ნებისმიერ ტურისტთან, ვინც ჩამოდის და აქ, ჩემთან, კომუნიკაცია აქვს, ვაწარმოო ასეთი ტიპის კომუნიკაცია. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხერხი, სადაც მე საკმაოდ წარმატებულად ვახერხებ ჩვენი – საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებას და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.
რამდენიმე წლის წინ, „ალფა ბანკს“ ჰქონდა სათავგადასავლო დაკვეთა. ჩემი კომპანია ერთ-ერთი საუკეთესოა სათავგადასავლო ტურიზმში, შესაბამისად, ჩვენ მანამდეც გვქონდა შეხვედრა. ვფიქრობ, ეს არანაირ პრობლებას არ წარმოადგენს“,- აღნიშნა დავით ქაცარავამ.

აღიარეს, თუ არა საქართველოში ჩამოსულმა „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არავინ იცის, ალბათ, ქაცარავამ მოსკოვურ ბანკთან კავშირი უბრალოდ, ამ პოზიციით გაამართლა და დაივიწყა საკუთარივე განცხადებები, სადაც ერთმორწმუნე რუსეთთან ყველანაირი მეგობრობის წინააღმდეგ გამოდიოდა.
ანდა, საეჭვოა წინასწარ, ტურის დაკვეთამდე, მას გამოკითხვა ჩაეტარებინა, ვინ ჩამოდის, რას ფიქრობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ა.შ. ასე, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური და არასერიოზულია მისი პასუხი. თუკი ერთი ხელით ებრძვი შენი ქვეყნის მტერს და მეორე ხელით მას მასპინძლობ, მინიმუმ საკუთარ პრინციპებს ეწინააღმდეგები, ანდა, ალბათ, ღიად უნდა დააფიქსირო, რომ ებრძვი რუსულ პოლიტიკას, მაგრამ რუსულ ფულზე უარს ვერ იტყვი.
კითხვაზე, თუ რა თანხა აიღო აღნიშნული სათავგადასავლო ტურიდან მისმა კომპანიამ, ქაცარავა ამბობს, რომ ეს საიდუმლო არ არის, თუმცა, მისი კომპანიის ფინანსური ინფორმაციაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც „ალფა ბანკის“ პოლიტიკურ პოზიციას ასახავს და იმას, რომ კომპანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.

„კვირას“ მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა ბანკის ვებგვერდის შესასწავლად და იმის გასარკვევად, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია (სურვილის შემთხვევაში, ამის გაკეთება, მრავალწლიანი ურთიერთობის ფონზე, მარტივად შეეძლო დავით ქაცარავასაც) ერთ-ერთ განყოფილებაში ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მომხმარებლებს სადაზღვევო შეთავაზებას უკეთებს. ოფიციალურ საიტზე მითითებულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც ბანკის სერვისი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს. ქვეყნების გრაფაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული!

„კვირას“ კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული, ქაცარავა გვპასუხობს:
„მე, ბუნებრივია, ამის შესახებ არ ვიცოდი, რომ მათ აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარეს თავის საიტზე. შემომივიდა შეკვეთა, მანამდეც მქონდა მათთან კომუნიკაცია. პირადი საუბრებისა და კომუნიკაციის დროს, მათგან აღიარება მივიღე, მაგრამ ის, რომ საიტზე ეს დადეს (აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა), ახლა პირველად მესმის. როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, წინასწარ ვერანაირ წინაპირობას ვერ წაუყენებ, რომ გინდა თუ არა, აღიარონ. რომ ჩამოვიდნენ, მერე შედგა ეს კომუნიკაცია. ჩამოსვლისა და ფიზიკურად გაცნობის შემდეგ ხდება ეს ურთიერთობა და კომუნიკაცია. იმ ფაქტს, რომ თავის საიტზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად აქვთ აღიარებული, საბოლოო ჯამში, დადგება დრო, რომ ამასაც შევაცვლევინებთ, მაგრამ ჯერ აქამდე უნდა მივიდეთ“,- აღნიშნა დავით ქაცარავამ „კვირასთან“ საუბარში.

დავით ქაცარავას, ალბათ, ისიც „გამორჩა“, რომ „ალფა ბანკი“ დღემდე წარმატებით მოღვაწეობს ოკუპირებულ აფხაზეთში. ცნობილია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს 2 ბანკომატი – გაგრასა და სოხუმში,  რომლებიც რუსული საბანკო ბარათების მფლობელებს ემსახურებიან, მათ შორის „ალფა-ბანკის“ კლიენტებს.

ამრიგად, დავით ქაცარავას „განმარტებები“, თითქოს მისი რუსი სტუმრები ჩვენი ქვეყნის მთლიანობას პატივს სცემენ, მტკნარი სიცრუეა. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წლის წინაც თანამშრომლობდა “ალფა ბანკთან” და ამ მრავალწლიანი ურთიერთობის ფონზე, საეჭვოა, ქაცარავას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რომან გოცირიძის ორი წლის წინანდელი განცხადებები მაინც გამორჩენოდა.  სწორედ 2016 წელს, რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საბანკო გიგანტი – “ალფა-ბანკი” შემოდის. ეს ფაქტი რომან გოცირიძემ იმთავითვე  მწვავედ შეაფასა და აღნიშნა, რომ “ალფა-ბანკი” ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს, რადგან აფხაზეთში საქმიანობას ეწევა და კატეგორიულად მოითხოვდა, ბანკი არ დაეშვათ საქართველოში.

„კვირამ“ „ალფა ბანკის“ შესახებ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მოიძია, რაც ალბათ, ქაცარავას რუსი სტუმრების და მისი მფლობელების პოლიტიკური ხაზის შესახებ მკაფიო წარმოდგენას ქმნის:

ფაქტი – 1: „ალფა ბანკი“ რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია და აქტივების მოცულობის მიხედვით, რეიტინგში მე-7 ადგილი უკავია. ის 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარეობს.
„ალფა-ბანკის აქციების 99%-ის მფლობელია სს „აბ ჰოლდინგი“, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი რუსი ოლიგარქი და  მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.

(დირექტორთა საბჭოს შესახებ ინფორმაცია – http://www.alfagroup.ru/about-us/supervisory-board/)

2017 წლის იანვარში, საიტ Buzzfeed-ზე გამოქვეყნდა მასალები, რომლის მიხედვითაც ფრიდმანი, ჰანი და ავენი დააკავშირეს კრემლის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის კამპანიასთან. მასალების მიხედვით, ფრიდმანი და ავენი დღემდე არაოფიციალურ კონსულტაციებს უწევენ პუტინს აშშ-ის საკითხზე და მათ შორის შუამავალი ოლეგ გოვორუნია, პრეზიდენტის დსთ-ს ქვეყნებთან თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, „ალფა ბანკის“ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე.
მასალების მიხედვით, გოვორუნის მეშვეობით, 90-იან წლებში, ფრიდმანი და ავენი პუტინს მსხვილ ფულად თანხებს უგზავნიდნენ.
(წყარო – //www.forbes.ru/milliardery/354795-novaya-territoriya-mihail-fridman-biznesmen-goda-po-versii-forbes)

ფაქტი – 2: „ალფა ბანკის“ აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პეტრ ავენი და პუტინი დიდი ხნის კარგი ნაცნობები არიან. ჯერ კიდევ 1992 წელს, როცა პეტერბურგის ვიცე-მერობის დროს, პუტინს, ქვეყნიდან ლითონის უკანონოდ გატანის გამო, პატიმრობა ემუქრებოდა, მაშინ ის სწორედ პეტრ ავენმა გადაარჩინა, რომელიც ელცინის დროს საგარეო ვაჭრობის მინისტრის პოსტს იკავებდა. დღეს პეტრ ავენი ანტიკვარიატს აგროვებს, ბომონდურ ცხოვრებას ეწევა და ფაქტობრივად, არ მუშაობს. ის „ალფა გრუპისგან“ მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს, ეს ფული კი, როგორც ამბობენ, მისი კომპანიონისგან – ფრიდმანისგან გადასახადია ხელშეუხებლობისა და პრეზიდენტ პუტინთან პირდაპირ მიმართვის შესაძლებლობის სანაცვლოდ.
რუსული პრესა იმასაც წერს, რომ „ალფას“ სტრუქტურებისა და სახელმწიფო კორპორაცია „როსნეფტის“ თანამშრომლობის შედეგად შემოსული შემოსავალი – 27,73 მილიარდ დოლარი –  ფრიდმანმა, დაანონსების მიუხედავად, რომ აღნიშნული თანხები რუსულ ეკონომიკას მოხმარდებოდა, დასავლეთში გაიტანა და შეიძინა გერმანული ნავთობისა და გაზის კომპანია „დეა“, რაც პუტინის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

(წყარო – https://www.opentown.org/news/172836/)

ფაქტი – 3: რაც შეეხება მიხაილ ფრიდმანს, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ვლადისლავ სურკოვი და ფრიდმანი სტუდენტობის პერიოდიდან მეგობრობენ.

სწორედ ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ „ალფა ბანკის“ გადაწყვეტილება თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებით და ასევე, ფრიდმანის განცხადებები იმის შესახებ, რომ მას პუტინთან არანაირი კავშირი არ აქვს, სწორედ პრეზიდენტ პუტინთან იყო შეთანხმებული და სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „ალფა ბანკის“ ეს პიარაქციები იყო პუტინის ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი მედიაარხებით მხარდაჭერილი.

(წყარო – http://www.forbes.ru/milliardery/354795-novaya-territoriya-mihail-fridman-biznesmen-goda-po-versii-forbes)

ეს მოკლე ინფორმაციაა, რაც რუსული „ალფა-ბანკის“ შესახებ მოვიძიეთ. ალბათ, კარგი და სწორი იქნებოდა, ვიდრე „საპატიო რუს სტუმრებს“ უმასპინძლებდა, იგივე გაეკეთებინა დავით ქაცარავას. მინიმუმ, მათ ვებგვერდზე აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიება გაეპროტესტებინა და საზოგადოებისთვის ამდენი ტყუილიც არ ეთქვა.

თავის მართლებასაც ნიჭი უნდა და როგორც ჩანს, ეს უნარი „ოკუპაციის ხმალამოღებულ მოწინააღმდეგე“ ქაცარავას არ აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის, “ძალა ერთობაშია”,

ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას შესახებ ფოტო-ვიდეომასალა ტელეკომპანია “ობიექტივმა” გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი – ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და ძალოვან უწყებებს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„2017 წლის ოქტომბრის ბოლოს (სწორედ დავით ქაცარავას ე.წ. კულტურული პროექტის ფარგლებში), საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა რუსული „ალფა-ბანკის” თანამშრომელთა ჯგუფი. პროექტი ექსკურსიების, წვეულებების ორგანიზებას ითვალისწინებდა, რაც, ცხადია, დაფინანსებული იყო რუსული ბანკის სათავო ოფისის მიერ, ანუ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ბატონმა ქაცარავამ და მასთან დაკავშირებულმა პირთა წრემ (ორგანიზატორთა სახით) უარი არ თქვა რუსული ფულის აღებაზე, ე.წ. კულტურული პროექტის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც თავად გახლდათ. პროექტის დეტალებს დავით ქაცარავა „ალფა-ბანკის“ თანამშრომელთან, ვინმე ანგელინა ულიანნიკოვასთან ათანხმებდა. ანტირუსული და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მგზნებარე ლიდერი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს (მისი ორგანიზაციის წევრებისაგან ფარულად) რუსული ბანკის თანამშრომლებს რესტორან „მეტეხის ჩრდილშიც“ მასპინძლობდა.
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაიწყოს დავით ქაცარავას საქმიანობის შესწავლა, დაიწყოს იმ ეპიზოდის გამოძიება, რომელზეც ახლა ვსაუბრობ. მზად ვარ, ჩემს ხელთ არსებული მასალა, რომელიც ცოტა ხნის წინ მომაწოდეს, გადავცე სათანადო ორგანოებს. გამოძიებას მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, თუ ვინ, როდის და როგორ გადმომცა ეს მასალა“,- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები